LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,25 აგვისტოს ფესტივალი ტრადიციულად ბათუმში დაიწყება” – ნინა ცაგარელი ,,ღამის სერენადების“ წლევანდელი სეზონის სიახლეებით „არტ-FM“-ში

9
ნინა

გადაცემის ლაივი LIVE

5 აგვისტოს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკალური ფესტივალის „ღამის სერენადების“ ხელმძღვანელი ნინა ცაგარელი სტუმრობდა, რომელმაც ფესტივალის წლევანდელ სეზონზე ისაუბრა.

– ქალბატონო ნინა, წელს ფესტივალი ბათუმში აიღებს სტარტს და თბილისში გაგრძელდება. საინტერესოა, რით იქნება განსხვავებული წლევანდელი სეზონი გასული სეზონებისგან?

ფესტივალი ტრადიციულად ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ჩატარდება, 25 და 26 აგვისტოს გაიმართება ორი კონცერტი და გამოფენა, 27-ში კი, წიგნის „მუსიკის ზეიმის“ პრეზენტაცია, რომელშიც გაერთიანდა ლიანა ისაკაძის შემოქმედებითი ბიოგრაფია, მედიტაციები და ფოტოები პირადი არქივიდან. მედიტაციების წერა ქალბატონმა ლიანამ 20 წლის ასაკიდან დაიწყო და ძალიან საინტერესო, ღრმა ფილოსოფიურ ნააზრევს მოუყარა თავი.

25 აგვისტოს გერმანელი კლარნეტისტი საბინა გროფმაიერი და ფესტივალ ,,ღამის სერენადების“ საბაზო ორკესტრი ,,საქართველოს ვირტუოზები“ გამართავენ კონცერტს. პროგრამა ძალიან მრავალფეროვანია, მოიცავს ნაწარმოებებს დაწყებული ბახიდან დამთავრებული ბერნშტაინით. უმრავლესობა ამ ნაწარმოებებისა თავდაპირველად დაწერილია სხვა ინსტრუმენტებისთვის და საბინას მიერ არის კლარნეტისთვის გადატანილი.

 26 აგვისტოს ნოვატორული შემსრულებელი, ამერიკელი პიანისტი ქეით მაჰანი საქართველოს ვირტუოზებთან ერთად გამართავს კონცერტს და მოცარტის XII კონცერტს ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის შეასრულებს. პროგრამაში იქნება ლეონარდ ბერშტაინი და ჯორჯ გერშვინი. ყველა ნაწარმოები და არანჟირება ეკუთვნის ქეით მაჰანს.

– რა პროგრამით გაგრძელდება ფესტივალი თბილისში?

-ფესტივალი ,,ღამის სერენადები” 17 და 18 სექტემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გადმოინაცვლებს. 17-ში გლორია კამპანელის ტრიო წარუდგენს პუბლიკას მეტად წარმატებულ პროექტს „ასტორი“, რომელმაც უკვე მოიპოვა პოპულარობა. ტრიოში გაერთიანებულია სამი შესანიშნავი სოლისტი: გლორია კამპანელი, ალესანდრო კარბონარე და ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი მარიო სტეფანო პიატროდარკი. კონცერტი ეძღვნება საქართველოს და იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს.

18-ში ალესანდრო ანდრეს გაბეტა ,,საქართველოს ვირტუოზებთნ“ ერთად გამართავს კონცერტს. ანდრეს გაბეტა არის ბაროკოს მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი. მან თავის დასთან, სოლ გაბეტასტან ერთად ჩამოაყალიბა ბაროკოს ორკესტრი და წარმატებით გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე. პროგრამაში პერსელის პიაცოლას ნაწარმოებებთან ერთად, შესულია ვივალდის სავიოლინო კონცერტები, მათ შორის ,,წელიწადის დრონი“. კონცერტზე ანდრეს გაბეტა 1727 წელს გამოშვებულ ვარნერის ვიოლინოზე დაუკრავს. კონცერტი ეძღვნება საქართველოს და საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის კულტურის სამინისტროს, თბილისის და ბათუმის მერიას, იტალიის და საფრანგეთის საელჩოს, ჩვენს მუდმივ მზღვეველს კომპანია „არდს“ და სასტუმრო „ჰილტონს“, ყველა ჩვენს პარტნიორს და მედია მხარდამჭერს, ფესტივალის შემოქმედებით გუნდს.

– რას გვეტყვით გიორგი ისაკაძეზე, ფესტივალის ერთ-ერთ ხელმძღვანელზე?

– ბატონი გიორგი ქალბატონი ლიანას ძმისშვილია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მასაც განსაკუთრებული მუსიკალური გემოვნება, თანდაყოლილი სტილი აქვს და თამამად აგრძელებს ქალბატონ ლიანას დაწყებულ საქმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები