LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

275 000 დოლარიანმა Ariel Atom 4RR-მა Porsche-ს რეკორდი მოხსნა

105
1428x1428

ბრიტანულმა კომპანია Ariel-მა ახალი Atom 4RR-ით უელსში მდებარე Anglesey Circuit-ის რეკორდი დაამყარა და ამით Porsche 911 GT2 RS-ის შედეგი გააუმჯობესა. საინტერესოა, რომ ახალი რეკორდსმენი გერმანულ სუპერქარზე თითქმის სამჯერ იაფი ღირს.

ტესტირებისას Ariel Atom 4RR-მა 3,4 კილომეტრიანი ტრასა 1 წუთსა და 27,83 წამში გაიარა. წინა რეკორდი 2021 წელს Porsche 911 GT2 RS-მა დაამყარა, რომლის შედეგიც 1 წუთი და 29,35 წამი იყო. შედეგად, ბრიტანულმა სპორტქარმა რეკორდი დაახლოებით 1,5 წამით გააუმჯობესა.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური მახასიათებლებით Atom 4RR ბევრ კომპონენტში 911 GT2 RS-ს ჩამორჩება, ტრასაზე უფრო სწრაფი აღმოჩნდა. მისი 2,0 ლიტრიანი ძრავა 525 ცხენის ძალას ავითარებს, მაშინ როცა Porsche-ს 3,8 ლიტრიანი აგრეგატის სიმძლავრე 700 ცხენის ძალაა.

ბრიტანული სპორტქარის მთავარი უპირატესობა მისი დაბალი წონაა – 670 კილოგრამი, რაც Porsche 911 GT2 RS-ზე თითქმის ორჯერ ნაკლებია. სწორედ ამის წყალობით Atom 4RR 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2,4 წამში ახერხებს.

კომპანიის ინფორმაციით, რეკორდი მიღწეულია სერიული კონფიგურაციის ავტომობილით, რომელსაც ქარხნულად გათვალისწინებული Yokohama A052-ის საგზაო საბურავები ჰქონდა. მიუხედავად ექსტრემალური მახასიათებლებისა, Ariel Atom 4RR საჯარო გზებზე გადაადგილებისთვისაც ლეგალურად არის დაშვებული.

ახალი Ariel Atom 4RR-ის ოფიციალური პრემიერა Goodwood Festival of Speed-ზე გაიმართება. სპორტქარის ფასი 208 ათასი ფუნტი სტერლინგიდან (დაახლოებით 275 ათასი დოლარი) იწყება, მაშინ როდესაც წარმოებიდან უკვე მოხსნილი Porsche 911 GT2 RS, განსაკუთრებით Manthey Racing-ის პაკეტით, ბრიტანეთის ბაზარზე 600 ათას ფუნტამდე (დაახლოებით 800 ათასი დოლარი) ღირს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები