თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევიდან 6 საკონდიტრო „დონას“უკავშირდება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი შემთხვევებიდან 8-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 15 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 1 სამედიცინო პერსონალია, 2 შემთხვევა შემოტანილია, 2-ის წყარო კი უცნობია.
მისივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 78%-ს შეადგენს.
ეზუგბაიას ცნობით, ქვეყანაში 342 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული, 16-ის კი მძიმეა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 684 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 315 გამოჯანმრთელდა, 19 – გარდაიცვალა.
