LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4-დღიანი სამუშაო კვირა თანამშრომლების განწყობას აუმჯობესებს – კვლევა

106
image

ექვს ქვეყანაში ჩატარებული საპილოტე პროგრამის შედეგების თანახმად, სამუშაო კვირის ოთხ დღემდე შემცირებას შეუძლია გააუმჯობესოს ადამიანების ჯანმრთელობა და შეამციროს გადაღლის რისკი.

სულ უფრო მეტი ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი, ისლანდია, გერმანია და პორტუგალია, ექსპერიმენტებს ატარებენ სამუშაო კვირის შემცირებაზე, როგორც შესაძლო რეაგირებას თანამშრომლებში დეპრესიის, შფოთვისა და გადაწვის მაჩვენებლებზე. ამასობაში, ბელგიაში თანამშრომლებს უფლება აქვთ მოითხოვონ ოთხდღიანი სამუშაო კვირა.

ჟურნალ Nature Human Behaviour-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ სამუშაო კვირის შემცირებას შეუძლია სარგებელი მოუტანოს როგორც დასაქმებულებს, ასევე დამსაქმებლებს.

კვლევაში მონაწილეობდა დაახლოებით 2900 თანამშრომელი 141 ორგანიზაციიდან, რომლებმაც სამუშაო კვირა შეამცირეს ხელფასების შემცირების გარეშე. ეს კომპანიები ავსტრალიაში, კანადაში, ირლანდიაში, ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში იყვნენ.

კვლევამდე, თანამშრომლები და მენეჯერები ორი თვის განმავლობაში გადიოდნენ ტრენინგს და ცვლილებებს ახორციელებდნენ სამუშაო პროცესებში ეფექტურობისა და თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად. შემდეგ კომპანიებმა დანერგეს ოთხდღიანი სამუშაო კვირა, ანუ სამუშაო საათების 20%-ით შემცირება.

ექვსი თვის შემდეგ, უფრო მოკლე სამუშაო კვირის მქონე თანამშრომლებმა აღნიშნეს ნაკლები გადაღლა, უკეთესი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა და სამუშაოთი კმაყოფილების ზრდა.

ამავდროულად, ცვლილებები არ მომხდარა 12 ამერიკულ კომპანიაში, რომლებმაც არ შეამცირეს სამუშაო კვირა.

„როგორც ჩანს, სამუშაო კვირის შემცირების ეფექტი ერთნაირი იყო ყველა კომპანიაში, ქვეყანაში და თანამშრომელში“, – განუცხადა Euronews Health-ს ბოსტონის კოლეჯის სოციოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ვენ ფანმა.

რაც უფრო მეტად ამცირებდნენ ადამიანები სამუშაო საათებს, მით უკეთ გრძნობდნენ თავს სამსახურში, მით უფრო ნაკლებად განიცდიდნენ გადაღლას და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს.

იმ მუშაკებმაც კი, რომლებმაც სამუშაო საათები მხოლოდ რამდენიმე საათით შეამცირეს, აღნიშნეს უკეთესი განწყობა და სამუშაოთი კმაყოფილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები