2018 წლის 4 ივნისს, 08:00 საათიდან ჭიათურაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულთა სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ავრცელებს.
პროფკავშირის ინფორმაციით, კომპანიის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და იქიდან გამომდინარე, რომ მხარეებმა პოზიციების შეჯერება ვერ მოახერხეს, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მოთხოვნით, 2018 წლის 17 აპრილიდან მედიაციის პროცესი დაიწყო.
„მედიაციის ფარგლებში მედიატორმა არაერთი შეხვედრა გამართა როგორც მხარეებთან, ასევე ორგანიზება გაუკეთა საერთო შეხვედრებსაც, თუმცა მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება მაინც ვერ მოხერხდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში, დარგობრივი პროფკავშირისა და დასაქმებულთა მხრიდან უმნიშვნელოვანესი დათმობები გაკეთდა პოზიციების დახლოების მიზნით, თუმცა კომპანიის მხრიდან შემოთავაზების იმგვარი ფორმირება არ განხორციელებულა, რომელიც ხელს შეუწყობდა კოლექტიური შრომითი დავის დეესკალაციას.
დასაქმებულთა სახელით დარგობრივი პროფესიული კავშირის მიერ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში გაგზავნილი კოლექტიური შრომითი დავის ოფიციალური შეტყობინების წერილში დაფიქსირებულია შრომის ანაზღაურების 30%-ით მატების მკაფიოდ დასაბუთებული მოთხოვნა და სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება შრომითი, სოციალური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის, ასევე შრომის უსაფრთხოების დაცვის სისტემების გაუმჯობესებას.
კომპანიის მხრიდან კი შემოთავაზებულია ხელფასების მატება 5%-ით, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება კოეფიციენტით 1,3, სადღესასწაულო დღეებში მუშაობის კოეფიციენტი 1,25, წელიწადში ოთხჯერ – აღდგომას, მარიამობას, გიორგობას და ახალ წელს ხელზე ასაღები 50 ლარი როგორც სადღესასწაულო ფულადი საჩუქარი და 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კომპანია აცხადებს მზადყოფნას, რომ ხელფასების მატების შესაძლებლობას კიდევ ერთხელ გადახედოს. სანაცვლოდ კომპანია ითხოვს, რომ შრომის ანაზღაურების დათვლა, მას შემდეგ, რაც მოაწესრიგებს გეგმების კორექტირების და გეგმის შესრულების კონტროლის მექანიზმებს, მიებას მადნის მოპოვების გამომუშავებას“, – ნათქვამია საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის განცხადებაში.
პროფკავშირის ინფორმაციით, წინასწარი დათვლებით, კომპანიას მისი შემოთავაზება ხარჯებს საერთო ჯამში 8,57%-ით გაუზრდის.
ბოლო წინადადებები მხარეებმა 24 მაისს გაცვალეს, თუმცა კომპანიის შემოთავაზება ხელფასების 5%-ის მატებასთან დაკავშირებით დასაქმებულებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, შესაბამისად, ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის წევრების მიერ გაფიცვის დაწყების გადაწყვეტილება იქნა მიღებული და დადგინდა დრო და თარიღიც. აღნიშნულის შესახებ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმირება უკვე მოახდინა.