4 მაისს, თბილისს, მრავალი საერთაშორისო ნომინაციისა და ჯილდოს მფლობელი, კუბური რუმბისა და ჯაზის ენაზე მეტყველი პიანისტი და კომპოზიტორი, ჯგუფის Buena Vista Social Club-ის ყოფილი წევრი, რობერტო ფონსეკა ეწვევა.
ფონსეკა, რომლის მუსიკა ევროპული, აფრიკული და კარიბიული კულტურული ტრადიციების უნიკალური ნაზავია, პუბლიკის წინაშე, კუბელ ვირტუოზ მუსიკოსებთან ერთად, ახალი ალბომით La Gran Diversion წარდგება.
რობერტო ფონსეკას კონცერტი, სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმის“ ფარგლებში, კომპანია „თაგის არტის“ ორგანიზებით ტარდება. ფესტივალს მარჯანიშვილის თეატრი უმასპინძლებს.
რობერტო ფონსეკას ახალი ალბომი La Gran Diversion – არის მოგზაურობა კუბის მძვინვარე ოციან წლებში – ზეიმი და ცეკვა, რომელიც ოსტატურად აერთიანებს ტრადიციებს, დიდოსტატებთან მიღებულ განათლებას, გამორჩეულ ნიჭს და ველურ თანამედროვე ჟღერადობას.
„ერთად ვიცინებთ, ვიტირებთ და მივეცემით რიტმებისა და მელოდიების იდუმალებასა და მაგიას, რომელიც ჩემი ფესვებიდან მოდის“, – ამბობს ფონსეკა.