LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დაკავებულ 7 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

118
პატიმრობის შეფარდება

თბილისში, 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დაკავებულ კიდევ 7 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს – სულ დაკავებულია 46 პირი

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

სასამართლო სხდომაზე დაკავებულების: მამუკა ლაბუჩიძის, კონსტანტინე კოკაიას, ვლადიმერ გველესიანის, ნიკა გვენცაძის, გურიელ ქარდავას, ზურა ჭავჭანიძისა და კობა ეპიტაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას სთხოვდნენ, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს, მათ შორის, 5000-7000 ლარის ოდენობით სთავაზობდნენ.

ადვოკატების განცხადებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და დაკავებულების მოაზრება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებად, ბრალდების მხრიდან პროტესტის გასანეიტრალებლად განხორციელებულ მიზანს ემსახურება.

შეგახსენებთ, ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს და კონსტანტინე კოკაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კობა ეპიტაშვილს კი ბრალდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“

Dio magti 5g