გრიპი არა და რუმინეთს საქართველოს ბორჯღალოსანთა ნაკრები კი შეეყარა. 2020 წლის პირველი საშინაო მატჩში ევროპა რაგბიზე საქართველომ მშვენივრად და ლამაზად ჩაატარა და მთავარი მეტოქე 41:13 დაამარცხა.
უფრო წარმატებული და შედეგიანი გამოდგა მეორე ტაიმი, რადგან პირველი თითქმის თანაბრად წარიმართა და ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა – 8:6.
საინტერესოა, რომ თამაშამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთის ნაკრებში გრიპის ვირუსის გამო, გაჩნდა მატჩის გადადების ალბათობა (ზოგიერთი რუმინელი მორაგბე საავადმყოფოშიც აღმოჩნდა). მოკლედ, ასეა თუ ისე, თამაშიც შედგა და სტუმრებს გრიპის რა გითხრათ და ჩვენი რაგბი კი შეეყარათ ვირუსად.
საქართველოს ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გამოცდილ შემადგენლობაზე გააკეთა აქცენტი და ქომაგებს შემტევ რაგბის დაჰპირდა. აასრულა კიდეც, ოღონდ უფრო მეორე ტაიმში გამოვიდა ლაღი და შემტევი რაგბი.
პირველი ნახევარი კი, როგორც ვთქვით, მძიმე ბრძოლაში წარიმართა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მეორე ნახევარში საქართველომ ბრწყინვალე თამაში აჩვენა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
მატჩის დაწყებამდე დინამოზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბექა ბურდიაშვილის ხსოვნას.
პირველ ტაიმში იყო თედო აბჟანდაძის ლელო და მისივე ჯარიმა.
მეორე ტაიმში:
მირიან მოდებაძის ლელო;
ბექა გიგაშვილის ლელო და თედო აბჟანდაძის გარდასახვა;
დავით კაჭარავამ 120-ე კეპი ლელოთი აღნიშნა, ლელო ისევ თედომ გარდასახა;
კაჭარავას დუბლი;
გიორგი ჭყოიძის ლელო.
ამ მოგებით ბორჯღალოსნებმა “ანთიმოზ ივერიელის“ თასიც დაისაკუთრეს.
დღემდე „ანთიმოზ ივერიელის“ თასი ქართველებს 12-ჯერ ქონდათ მოგებული, ხოლო რუმინელებმა ექვსჯერ იმარჯვეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ რომ ჩვენებს რუმინელებთან საშინაო მატჩი 2003 წლის შემდეგ აღარ წაუგიათ, ყველაზე დიდი სხვაობით კი მეტოქე 2016 წელს, 38:9 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, ინგლისი), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 20. ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი).
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, რუსეთი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 19. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი), ; 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი), 22. ლაშა მალაღურაძე (ვვა, რუსეთი), 23. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი).
მომდევნო მატჩი ჩვენებს 9 თებერვალს აქვთ, მადრიდში, ესპანეთის ნაკრებთან.