დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და 5 ივლისის ძალადობრივი დარბევის ორგანიზატორების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გაჭიანურების შესახებ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს უსვამს ხაზს.
როგორც DRI-მ “ფორტუნას” აცნობა, დღეის მდგომარეობით, 5 ივლისის დარბევასთან დაკავშირებით გამოძიება 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მიმდინარეობს. ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული მუხლით საქმის გამოძიება მიუთითებს, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები წინასწარ იყო ორგანიზებული კონკრეტულ პირთა მიერ და არ ატარებდა სპონტანურ ხასიათს.
“5 ივლისის წინასწარ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე არ დამდგარა ძალადობრივი დარბევის ორგანიზატორების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს მიმდინარე გამოძიების ობიექტურობის და მიუკერძოებლობის შესახებ.
ძალადობრივი დაჯგუფების წევრების მიერ 5 ივლისის სისხლიან დარბევამდე გამოქვეყნებული საჯარო მოწოდებები ადასტურებს, რომ დარბევამდე გაცილებით ადრე, მიმდინარეობდა მიზანმიმართული მუშაობა ძალადობრივი ჯგუფების მობილიზაციისთვის, რომლის შესახებაც, დარწმუნებული ვართ, წინასწარ უნდა ყოფილიყო ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.
ამის მიუხედავად, დღეის მდგომარეობით, წინასწარ ორგანიზებული სიძულვილით მოტივირებული ჯგუფური ძალადობის არც-ერთი ორგანიზატორი არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. აღნიშნული მასშტაბის ძალადობრივი დანაშაულის ორგანიზატორების დაუსჯელობა, აძლევს მათ ახალი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესაძლებლობას და სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებისათვის კრიტიკული რისკების შემცველია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული ძალადობრივი ჯგუფების ცალკეული ლიდერების მიმართ უკვე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება საეჭვოდ ჭიანურდება. კერძოდ, დღემდე შედეგი არ მოჰყოლია გამოძიებას შემდეგ ლევან ვასაძის, სანდრო ბრეგაძის და გურამ ფალავანდიშვილის დანაშაულებრივ ქმედებებზე.
აშკარაა, რომ როგორც 2021 წლის 5 ივლისამდე, ასევე 5 ივლისის შემდგომ, აღნიშნული პირები, ლგბტქ თემისა და მათი მხარდამჭერთა შეუწყნარებლობის მოტივით მონაწილეობას იღებენ არაერთი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში. შესაბამისად, მათ მიმართ არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტი და იკვეთება
დასაბუთებული ვარაუდი აღნიშნული პირების მიერ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ორგანიზებასა და განხორციელებაზე.
ამის მიუხედავად, მითითებულ პირთა ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება ფასადურია და არ არის მათი პიროვნების, მოწოდებების, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ნიშნების შემცველი აქტების პროპორციული.
საზოგადოებაში არსებული დასაბუთებული ეჭვის გასაქარწყლებლად, რომ მმართველი პოლიტიკური ელიტა თანამშრომლობს და ხელს აფარებს 5 ივლისზე პასუხისმგებელი ძალადობრივი ჯგუფების ლიდერებს, მნიშვნელოვანია მოხდეს გურამ ფალავანდიშვილის, „ალტ ინფოს“ გუნდის, ლევან ვასაძისა და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის სავარაუდო შემთხვევების მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გამოძიება და ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.” – აღნიშნულია DRI-ს მიერ “ფორტუნასთვის” მოწოდებულ ინფორმაციაში.