როგორც ჩანს, თაიმერი ახლა არა მარტო სპორტდარბაზში, არამედ მაგიდასთანაც დაგჭირდებათ. დიეტოლოგები გვაფრთხილებენ – რაც უფრო მეტ დროს ვხარჯავთ საკვების მიღებაზე, მით უფრო მეტი კალორიების დაწვა უხდება ჩვენს ორგანიზმს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ის, ვინც სწრაფად კვებასაა მიჩვეული, საშუალოდ რვა კილოგრამით მეტს იწონის ვიდრე ის, ვინც აუჩქარებლად მიირთმევს. რაც უფრო ნელა ვჭამთ, მით უფრო მეტი შანსი გვაქვს შევინარჩუნოთ კარგი ფიგურა. როგორც აღმოჩნდა, ბიოლოგიურ პროცესს, რომელიც დანაყრების შეგრძნებას იწვევს, გარკვეული დრო ჭირდება – ანუ ჰორმონები, რომლებიც გონებას აწვდიან სიგნალს, სისხლში მხოლოდ ჭამის დაწყებიდან ნახევარი საათში გამოიყოფა. შესაბამისად, რაც უფრო ნელა მივირთმევთ, მით უფრო მაღალია ალბათობა, რომ გონება საჭირო სიგნალს დროულად მიიღებს და არა მაშინ, როცა ორგანიზმი უკვე გადატვირთულია ზედმეტად საკვებით. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც საკვების სწორად მიღებაში დაგეხმარებათ.
- ნუ ეცდებით დაეწიოთ მამაკაცებს!
მამაკაცის მეტაბოლიზმი (ქიმიური რეაქცია ცოცხალი არსების ორგანიზმში, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზმს გაიზარდოს, შეინარჩუნოს და აღადგინოს სტრუქტურა, უპასუხოს გარემოს ზემოქმედებას) ქალის მეტაბოლიზმზე სწრაფია – მათი ორგანიზმი წუთში 80 კალორიას გადაამუშავებს, მაშინ როცა ქალის ორგანიზმი მხოლოდ 50 კალორიის გადამუშავებას ასწრებს. გარდა ამისა, მამაკაცები უფრო მეტ საკვებს ღებულობენ და სისწრაფე მათთვის პრობლემა არ არის. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ მამაკაცივით სწრაფად ”ასუფთავებთ თეფშს”, გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტად ბევრს მიირთმევთ.
- აუცილებლად კარგად დაღეჭეთ!
ზომიერი და ნელი კვების ჩვეულების გამომუშავების საუკეთესო საშუალება ყველა ლუკმის დიდხანს (მინიმუმ 15-ჯერ) ღეჭვაა. ჩაყლაპვის შემდეგ წარმოიდგინეთ როგორ ღებულობს თქვენი ორგანიზმი საკვებს და მხოლოდ მერე გადადით მეორე ლუკმაზე.
- ნუ შეჭამთ ხელით!
დანა-ჩანგალი ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარებათ ზომიერი და ნელა კვების ჩვეულების ჩამოყალიბებაში, ამიტომ თავიდანვე შესაბამისად ”შეიარაღდით”. ასეთივე სასარგებლო ეფექტი აქვს პატარა ზომის კოვზს, ამიტომ ნაყინის მირთმევაც ჩაის კოვზით უფრო სასურველია, ვიდრე დესერტის კოვზით.
- აირჩიეთ მთელმარცვლოვანი პური!
ჯერ ერთი, რაფინირებული ფქვილისგან გამომცხვარი მთელმარცვლოვანი პროდუქტი ბევრად უფრო სასარგებლოა, მეორეც, მას ბევრად უფრო დიდხანს ჭირდება ღეჭვა.
- უფრო მეტი რომანტიკა!
მეცნიერებმა, რომლებიც ექსპერიმენტს ერთ-ერთ ამერიკულ ფასტ-ფუდში ატარებდნენ, აღმოაჩინეს, რომ მკვეთრი განათება და ხმაური აიძულებს ადამიანს უფრო სწრაფად მიიღოს საკვები, ნაკლები განათება და მშვიდი მუსიკა კი – პირიქით, ხელს უწყობს პროცესის შენელებას და საგრძნობლად ამცირებს მიღებული კალორიების რაოდენობას. ასე რომ, კიდევ ერთი მიზეზი გაქვთ მოაწყოთ რომანტიკული ვახშამი სანთლის შუქზე.
