LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 000 ლარი ჯილდო იმას, ვინც ილია ფილფანის ადგილსამყოფელი იცის

213
BeFunky-collage - 2020-10-07T110731.656

სვანეთში, ლენჯერიდან დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის მშობლებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს. დავით და ქსენია ფილფანებმა 50 000 ლარი ჯილდო დააწესეს იმ ადამიანისთვის, ვინც კონკრეტულ ინფორმაციას მიაწვდის შვილის ადგილსამყოფელის შესახებ, ხოლო ინფორმაციისთვის, რომელიც მათ დაეხმარება ბავშვის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების დადგენაში  –  ჯილდოდ 30 000 ლარი დაასახელეს. მათ ასევე განაცხადეს, რომ შეინარჩუნებენ კონფედენციალურობის პრინციპს და სურვილის შემთხვევაში არ გათქვამენ იმ პირის ვინაობას, ვინც მათ აღნიშნული ინფორმაციას გადასცემს.

„2,5 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც შვილს ვეძებთ. გამოძიება გრძელდება, ბავშვის გაუჩინარების ყველა შესაძლო ვერსია მუშავდება. საძიებო სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. ინფორმაციის ნაკლებობა სამუშაოებს აფერხებს, ამიტომ, გვსურს, ძებნაში დახმარებისთვის გამოვაცხადოთ ჯილდო. თუკი იცით, სად არის ამჟამად ბიჭი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, ჩვენ მზად ვართ, 50 000 ლარი გადავიხადოთ. ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება ბავშვის ადგილსამყოფელის ან მის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების დადგენაში, ჩვენ ვთავაზობთ ჯილდოს – 30 000 ლარის ოდენობით. ჩვენთან კონტაქტი შესაძლებელია ტელეფონის, ფოსტის, სოციალურ ქსელში – ექაუნთების მეშვეობით, შუამავლების დახმარებით ან თქვენთვის ხელსაყრელი ნებისმიერი გზით. ჩვენ ვიძლევით კონფიდენციალობის გარანტიას და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი ოჯახი თქვენ დევნას არ დაიწყებს“, – აცხადებენ ილიას მშობლები.

დაკარგული მოზარდის მშობლები შვილის პოვნის იმედს არ კარგავენ და აცხადებენ, რომ გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას და რესურსს. ქსენია ფილფანის თქმით, თუ 1% მაინც არსებობს საზღვარგარეთ მისი შვილის პოვნის შესახებ, ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ. სწორედ ამ მიზნით მოხდა ილია ფილფანის ინფორმაციის გადაცემა ინტერპოლისთვის, სადაც უკვე მეორე დღეა ბავშვი ყვითელი ცირკულარით იძებნება.

“ამ ეტაპზე ახალი არაფერი არ არის, პროცესი მიდიოდა ნელა, ამიტომ გადავეცით ინტერპოლს ძებნის თხოვნა. ჩვენ ვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობას და რესურსს, რომ ვიპოვოთ ჩვენი შვილი”, – აცხადებს დაკარგული ბავშვის მამა.

მშობლების განცხადებით, მათ უკვე მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი და უფლება მიეცათ გაეცნონ საქმის მასალებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები