გერმანიამ შეუძლებელი შეძლო და 3 თვის ვადაში მავნე გამონაბოლქვის ოდენობა 18 მილიონი ტონით შეამცირა. ასეთი მაჩვენებლების მიღწევა უპრეცედენტო აქციის დახმარებით შეძლეს. ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტები მხოლოდ 9 ევროდ იყიდებოდა, მაშინ როცა ერთჯერადი მგზავრობა 3 ევრო ღირს. ამის შესახებ ინფორმაციას we forum ავრცელებს.
„გერმანიის სატრანსპორტო კომპანიების ასოციაციის“ ინფორმაციით, ანალოგიური ოდენობის გამონაბოლქვი გამოიყოფა საცხოვრებელი სახლებისგანაც.
მთელი ზაფხულის განმავლობაში მოქმედებდა თვიური აბონემენტები, რომელთა ღირებულებაც 9 ევრო იყო და მთელ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მოიცავდა. ბარათის საშუალებით ადგილობრივებსა თუ ტურისტებს ტრამვაით, ავტობუსით და მატარებლით შეეძლოთ გადაადგილება.
ასეთი შეთავაზებით 52 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა, რაც გერმანიის მოსახლეობის 60%-ს შეადგენს. ამასთან, მათი 15% წარსულში მხოლოდ კერძო ავტომობილით გადაადგილდებოდა.
აქციის მთავარი მიზანი გზებზე ავტომობილების შემცირება იყო, რაც გარემოს დაბინძურების შემცირებას გამოიწვევდა და გლობალურ დათბობას შეუშლიდა ხელს.
აღსანიშნავია, რომ ამავე მიზნით ესპანეთში სექტემბრის თვიდან ქალაქგარეთ მატარებლით გასვლა უფასო იქნება.