რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხელედულაზე „ხელედულა-3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იწყება.
ჰესის დადგმული სიმძლავრე 50.77 მგვტ.-ია, ხოლო პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. საპროექტო ჰესის ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 250 გვტ/სთ იქნება.
ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და „ანადოლუ ჯგუფის“ დამფუძნებელმა თუღბან იზზეთ აქსოიმ ხელედულა-3 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს ხელი დღეს მოაწერეს.
პროექტის განხორციელება საქართველოს მთავრობასთან 2015 წლის მაისში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე იგეგმება.
გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას ეკისრება ვალდებულება გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ენერგოდეფიციტის პერიოდში (ძირითადად ზამთრის თვეები) რეალიზებული იქნეს ადგილობრივ ბაზარზე.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის გათვალისწინებით პროექტის განხორციელება გარკვეულ წვლილს შეიტანს საქართველოს მიერ ენერგეტიკულ სექტორში გატარებული გრძელვადიანი პოლიტიკის ამოცანის გადაჭრაში, რაც გულისხმობს საკუთარი ჰიდრორესურსებით ქვეყანაში არსებული მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილების ეტაპობრივად: ჯერ იმპორტის, შემდეგ კი – თბოგენერაციის ჩანაცვლებით, ასევე ახლად აშენებული და არსებული ჰესების მიერ გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას.