LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი აფეთქება თბილისში – წინასწარი შეფასებით, კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა

891
აფეთქება დიდუბის რაიონში

თბილისის დიდუბის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მომხდარი აფეთქების გამომწვევ მიზეზად, წინასწარი ვერსიით, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

სამტრედიის ქუჩაზე მდებარე 4-სადარბაზოიანი კორპუსის მე-3 სადარბაზოში აფეთქება გვიან ღამით, დაახლოებით 3 საათისთვის მოხდა. მსხვერპლი არ არის.

თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა.

„სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა კორპუსის პირველი სართულის აფეთქება. ფართი არის კომერციული, შიგნით მცხოვრებლები არ იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს კორპუსის დათვალიერება. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად კორპუსიდან, სადარბაზოებიდან და საცხოვრებელი ბინებიდან გამოყვანილია ყველა მოქალაქე. უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები”,- განაცხადა მუსელიანმა.

დაზიანებულია რამდენიმე ბინა და შენობის სიახლოვეს გაჩერებული ავტომობილები. აფეთქების ტალღამ კორპუსის სხვა სადარბაზოების ბინებში ფანჯრები ჩაამსხვრია.

კორპუსიდან ყველა მცხოვრები გაიყვანეს. შენობის მდგომარეობა ექსპერტებმა უნდა შეაფასონ.

ფოტო: რადიო „თავისუფლება