მოსამართლე ზვიად შარაძე აცხადებს, რომ მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენს დღეს არ გამოაცხადებს და გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში იქნება გამოცხადებული.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, საბოლოო სიტყვით ისარგებლა ლაზარე გრიგორიადისმა. ის წარდგენილ არცერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიჩნევს.
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, თათია მანეჟაშვილის განცხადებით, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა „უსუსური“ იყო და ის მხოლოდ ვერსიებს ეფუძნებოდა.
როგორც ადვოკატმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ლაზარე გრიგორიადისს დამნაშავედ ცნობს, დაცვის მხარე სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.
„ლაზარე გრიგორიადისის საქმე დავასრულეთ. ორივე მხარე დასკვნითი სიტყვით წარვდექით, ჩვენი პოზიციები დავაფიქსირეთ. სხდომათა დარბაზში მოვისმინეთ, რუ რამდენად უსუსური იყო ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა. ის, რეალურად, მხოლოდ ვერსიებს ეფუძნებოდა. ვერცერთი არგუმენტი პირდაპირ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლებოდა, ლაზარე გრიგორიადისის ბრალეულობას ვერცერთი ადასტურებდა.
ყოველი აღნიშნულის გადაწყვეტილებით, დაცვის მხარეს ძალიან საფუძვლიანი, არგუმენტირებული დასკვნითი სიტყვა ჰქონდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები, როგორც მოლოტოვის კოქტეილის სროლა, ასევე, სახელმწიფო ბალანსზე არსებული ავტომობილის გადაწვა, რეალურად ლაზარე გრიგორიადისს არ ჩაუდენია. დაცვის მხარე ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ლაზარე გრიგორიადისს არსებულ ბრალდებებში გაამართლებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბრძოლას ვაგრძელებთ. ეს გამოიხატება მეორე ინსტანციაში გასაჩივრებით და ასევე, როგორც კი განაჩენი დადგება, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა ადვოკატმა თათია მანეჟაშვილმა.
ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე აცხადებს, რომ „ბრალდების მხარე ისევ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს იშველიებს, რაც ძალიან სასაცილოა“.
„თვალსაჩინოდ, არგუმენტები დამაჯერებელი იყო დაცვის მხარის, ბრალდების მხარე ისევ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს იშველიებს, ძალიან სასაცილოა ჩემთვის და მათთვის ვინც დარბაზში იჯდა და უსმენდა. თუ ადამიანს აქვს, ელემენტარული, ადამიანობა და ნამუსი ლაზარეს გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა გამოუტანოს. არაფერი გლობალური არ თქმულა, ის ლაქა, რომელიც ლაზარეს ქურთუკზეა აღმოჩენილი, შეიძლება ნებისმიერს ჰქონოდა ვინც აქციებზე იმყოფებოდა“, – განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის დედამ.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ორჯერ ისროლა.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.