ევროკავშირისა და ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს სასტარტო (Start-up) ეტაპზე მყოფი და/ან ახალი სოციალური საწარმოების დაფუძნების მსურველებისთვის.
კონკურსის მიზანია ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა – დამწყები საწარმოების როგორც ფინანსური, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერა, რათა განახორციელონ ინოვაციური იდეები, შექმნან მდგრადობაზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელის მქონე სოციალური საწარმო და ამ გზით ხელი შეუწყონ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევის დაძლევას.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამწყებ სოციალურ საწარმოებს, რომელთა მიზანია: დასაქმების ხელშეწყობა; სოციალური სერვისების მიწოდება; მოწყვლადი რეგიონების/დასახლებული პუნქტების განვითარება; ზრუნვა რეციკლირების, გარემოს დაცვის, სპორტის, ხელოვნების, კულტურის, განათლების, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის, მეცნიერებისა და ინოვაციის მიმართულებით.
კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსების გაცემას არაუმეტეს 15 000 ევროს ეკვივალენტით ლარში.
სააპლიკაციო განაცხადისა და კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 20 მაისი.