„გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლება აგონიურ მდგომარეობაში იმყოფება.
ხვიჩიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა:
„ჩემი აზრით, ხელისუფლება შედის ისტერიულ რეჟიმში და ზოგადად, ყოველდღიურ რეჟიმში უშვებს შეცდომებს და ხალხს აღიზიანებს დამატებით. ეს რაღაცა რეესტრის შექმნაც ამ მიდგომის ერთ-ერთი პირმშოა. რომ გითხრათ ამაზე ძალიან ვნერვიულობ-მეთქი, არ ვნერვიულობ, იმიტომ, რომ ხელისუფლებას ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი საკუთარი თავის დასრულების ამ შემოდგომაზე, ერთადერთი იმაზე ვნერვიულობ, შემოდგომამდე მშვიდად მივიდეთ” – განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, მმართველმა გუნდა დღეს დააანონსა საჯარო რეესტრის შექმნა, რომელშიც შეიყვანენ ყველა იმ ადამიანის მონაცემებს, ვინც, „ქართული ოცნების“ განცხადებით, „ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“.
„ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააცნო საზოგადოებას და თქვა, რომ „ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“.
