უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს, რომელიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ჯო ბაიდენის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება უკრაინას უფრო ძლიერს და გამძლეს გახდის.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი განმარტავს, შეერთებული შტატები რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს და დამატებით 300 ახალ სანქციას აწესებს. ბაიდენის თქმით, ვლადიმერ პუტინი ენერგეტიკული პროექტებიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული, თუმცა ახალი სანქციები ამას აღკვეთს.
„პუტინი ვერ გაგვყოფს, ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით, ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ ამ ომში“, – განაცხადა ბაიდენმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მათი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა.
„ჩვენი უსაფრთხოების შეთანხმება არის ხიდი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.