LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა მარჯვნივ გადაიხარა, მაგრამ ცენტრმა გაუძლო: როგორ მოეწონათ ევროარჩევნების შედეგები საქართველოში

155
Screenshot 2024-06-15 163227

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის დაახლოებით 185 მილიონმა ამომრჩეველმა გამოიყენა საკუთარი უფლება და ევროპულ არჩევნებზე საკუთარი გავლენა მოახდინა. მემარჯვენე პარტიებმა მხარდაჭერა კონტინენტის თითქმის ყველა კუთხეში მოიპოვეს, მაგრამ მათი პროგნოზირებადი ზრდა ასეთი წონადიც არ აღმოჩნდა.

პარტიები მრავალი წელი თანამშრომლობდნენ, რათა რადიკალური მემარჯვენეებისთვის ბარიერი შეექმნათ, რათა ისინი არ გამხდარიყვნენ პოლიტიკური მეინსტრიმი. ეს ჯგუფები ინარჩუნებენ უმრავლესობას და შეუძლიათ ერთად მუშაობა განაგრძონ და უზრუნველჰყონ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი ფუნქციონირება მომდევნო 5 წლის განმავლობაში.

ახლა ყურადღება გადავა „ევროპის სახალხო პარტიისკენ“, რომელმაც საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერი პოზიციები გაიმყარა. მათი ბანაკიდან გამოსული სიგნალების მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენი ცენტრისტების ტრადიციული მოკავშირეობის ერთგულად დარჩება. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში თქვა: „პირველი პროგნოზების მიხედვით, კონსტრუქციული, პროევროპული ცენტრი შენარჩუნდება“.
„ცენტრი ფეხზე დგას“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა – „თუმცა ისიც მართალია, რომ ულტრამემარცხენე და მემარჯვენეებმაც მიიღეს მხარდაჭერა და ასეთი შედეგები ცენტრში მყოფების დიდ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს“.

ევროპარლამენტის არჩევნებზე „ფორტუნასთან“ ისაუბრა პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა:
„საერთაშორისო ექსპერტები, დამკვირვებლები, პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ დიდი ცვლილებები არ ყოფილა მოსალოდნელი და პრინციპში ასეც მოხდა: ძალთა ბალანსი გადანაწილდა ისე, როგორც წინა პარლამენტში იყო. „ევროპის სახალხო პარტიამ“ 13 მანდატით გაიუმჯობესა პოზიცია. მეორე ადგილზე არიან სოციალისტები, რომლებმაც 3 მანდატით გაიუმჯობესეს ვითარება.
უკეთესი შედეგი აჩვენეს ულტრამემარჯვენე ძალებმა და ულტრამემარცხენეებმაც გაიუმჯობესეს მაჩვენებლები.
მემარჯვენეებში გამოსაყოფია იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის პოლიტიკური ძალა „იტალიის ძმები“. უკვე ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ მელონის პარტია დიდ როლს ითამაშებს 5 წლის განმავლობაში პოლიტიკის განსაზღვრაში, გადაწყვეტილებების მიღებაში, მნიშვნელოვანი საკითხების შეჯერება-შეთანხმებაში.
საფრანგეთში მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. როგორც ჩანს, ემანუელ მაკრონი ემზადებოდა კიდეც ამისთვის. იქ ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვეს, მათ სერიოზულად დაამარცხეს მაკრონის პოლიტიკური ძალა. საფრანგეთის პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ, რამდენიმე საათში გამოაცხადა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. დაითხოვა პარლამენტი, ასამბლეა და 30 ივნისს და 7 ივლისს ორ ტურად გაიმართება არჩევნები. ვნახოთ რას მოიმოქმედებს მაკრონი, რომ არ დაუშვას მარინ ლე პენის მიერ პარლამენტის ხელში ჩაგდება.
აღმოსავლეთ გერმანიაში სერიოზული შედეგი აჩვენა ულტრამემარჯვენე, ფაშისტურთან მიახლოებულმა AFD-მა („ალტერნატივა გერმანიისთვის“), რომელმაც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გაიმარჯვა, დასავლეთში ქრისტიან-დემოკრატებმა მიაღწიეს წარმატებას. მეორეზე გავიდა სოციალ-დემოკრატების გაერთიანება“.

რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ელოდება პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ თენგიზ შარმანაშვილი, რომელმაც „ფორტუნასთან’ საუბარში აღნიშნა:
„არ უნდა დავამკვიდროთ მოლოდინი, რაც მერე არ ასრულდება. რა თქმა უნდა, რაიმე რადიკალური ცვლილებები ამ ურთიერთობებში ასე სწრაფად არ იქნება, ქვეყნებთან მიმართებაშიც და მათ შორის ჩვენთან მიმართებაშიც“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის არჩევნებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე. ეს არის ერთგვარი დემოკრატიული კრიზისი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა ამ კრიზისს საშუალოვადიან პერსპექტივაშიც გადალახავს. ეს არის ყველას ინტერესებში. ჩვენი უმთავრესი ამოცანა, საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც ევროკავშირში წარიმართება“.

რა უწყობს ხელს ულტრამემარჯვენეთა წარმატებას, ამაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გაამახვილა ყურადღება:
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდ ნაწილში შესამჩნევია მმართველი პოლიტიკური ელიტების მიმართ ამომრჩევლის მხრიდან მზარდი უნდობლობა, რამაც რიგ შემთხვევაში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას შეუწყო ხელი. არჩევნების შედეგებმა ისიც აჩვენა, რომ ევროპის მოსახლეობა უფრო მეტად კონსერვატიული ფასეულობების მხარდამჭერია. ყველაზე მეტი მანდატი ახალ ევროპარლამენტში სწორედ ლიბერალურმა პოლიტიკურმა ოჯახებმა დაკარგეს“.

„ცვლილებები და ხალხის გამოღვიძების პროცესი – ასე აღწერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ევროპული არჩევნების შედეგებს. ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტი მიიჩნევს, რომ პროცესი შეუქცევადია და ევროპის აგენტოკრატიისაგან გათავისუფლებით დასრულდება.

„ყველა ევროსკეპტიკოსი, ულტრამემარცხენეების ჩათვლით, ერთად აგროვებს სადღაც 120 მანდატს. გადაწყვეტილებებზე არავითარი გავლენა არ ექნებათ და ევროკავშირს ვერ დაანგრევენ. ევროსკეპტიკოსების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას არ მოველოდი. მცირედით რომ გაიზრდებოდა, ეს ცნობილი იყო“, – უთხრა რადიო თავისუფლებას „რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა. მისი განმარტებით, არჩევნებზე გამოვლენილი ეს მცირედი ცვლილებები დიდწილად რუსეთთან ომში ჩართვის შიშით არის განპირობებული.

ფონ დერ ლაიენის ხელახლა არჩევის სირთულეები

მას შემდეგ, რაც „სახალხო პარტიამ“ გამარჯვება მოიპოვა, მისი მთავარი კანდიდატი ურსულა ფონ დერ ლაიენი თითქოს ახლოს უნდა იყოს ევროკომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელახლა არჩევასთან, მაგრამ ეს ამოცანა გართულდა არა მარტო ევროპარლამენტში შეცვლილ კონფიგურაციასთან დაკავშირებით, არამედ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებასთან დაეთხოვა ეროვნული კრება და დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები.
ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მაკრონის მიერ დაკარგული პოლიტიკური ქულებისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შესუსტებული პოზიციის გამო ფონ დერ ლაიენის კანდიდატურის წამოწევა შესაძლოა ჩაიშალოს კიდეც.
ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიის თავკაცის პოსტზე კანდიდატი 28 ივნისს უნდა შეარჩიონ – რამდენიმე დღით ადრე, სანამ ფრანგი ამომრჩეველი ხმის მისაცემად ურნებთან მივა. ფონ დერ ლაიენი კი არ არის საფრანგეთში პოპულარული და მისმა მხარდაჭერამ შესაძლოა მაკრონის რეიტინგზე დადებითად არ იმოქმედოს.

პოლიტოლოგების ერთი, საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფონ დერ ლაიენმა შესაძლოა დახმარებისთვის მიმართოს ჯორჯა მელონის პარტიას. თუმცა ამით რისკავს, რომ მემარცხენე მოკავშირეებს გაანაწყენებს და შესაძლოა არც „მწვანეებმა“ დაუჭირონ მხარი.

პოლიტიკური განლაგება დამოკიდებულია იმაზეც, თუ ვისკენ გადაიხრებიან ახალი პარტიები, რომლებიც ჯერ არცერთ ჯგუფში არ შედიან. ამ ახალი პარტიებიდან ბევრი მარჯვნივ იხრება.
მარინ ლე პენმა, რომლის „ნაციონალურმა გაერთიანებამ“ მოიგო საფრანგეთში არჩევნები, გამოთქვა სურვილი შექმნას ულტრამემარჯვენე „სუპერჯგუფი“, რომელიც „იტალიის ძმებსაც“ მოიაზრებს.
თავად ჯორჯა მელონი ლე პენსა და ფონ დერ ლაიენს შორის არჩევანის გაკეთებისას, ალბათ ფრთხილად იმოქმედებს და თანამშრომლობის გზებს არ ჩახერგავს.

ჯორჯა მელონი, მარინ ლე პენი, ურსულა ფონ დერ ლაიენი

ბუკა პეტრიაშვილი:
„ყოველი არჩევნების შემდეგ იწყება კონსულტაციები თუ ვინ იქნება დამტკიცებული წამყვან პოზიციებზე. ეს წამყვანი პოზიციებია – ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროპულის კავშირის საბჭოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საგარეო და თავდაცვის საკითხებში.

აქ საინტერესო კანდიდატურა განიხილება ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის სახით. წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე ერთსულოვნებაა. კალასი გამოირჩევა პრინციპული პოზიციით რუსეთთან მიმართებაში. ამ სიხისტის გამო ფერხდებოდა მისი კანდიდატურა ნატოს გენმდივნის თანამდებობაზე, თუმცა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე კალასის დანიშვნა კარგი და სერიოზული გადაწყვეტილებაა. ეს საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით თუ რაზე ყალიბდება და რა მიმართულებით მიდის ევროპული კომისია მომდევნო 5 წლის განმავლობაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენზე იყო ბევრი საუბარი და ის კამპანიაშიც მონაწილეობდა. ბუნებრივია, ის არის ყველაზე რეალისტური კანდიდატი. იყო საუბრები, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ალტერნატიული კანდიდატურა წარედგინა. ითქვა იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგიზე, მაგრამ ახლა მაკრონი იმდენად დაკავებულია საშინაო საკითხებით და დაზიანებულია, რომ მას ახლა, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, არ ცხელა ამ მნიშვნელოვანი თანამდებობის გადაწყვეტილებში მონაწილეონის მისაღებად.

დისკუსიები თვეების განმავლობაში მიდიოდა, შეთანხმებები, პოზიციების გაცვლა და ა.შ. მაგრამ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, ანონიმურობის დაცვით, ირკვევა, რომ ევროკაშირის ლიდერები დე ფაქტო, არაფორმალურად, 17 ივნისს შეიკრიბებიან და სადილზე მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ თანამდებობებთან დაკავშირებით, ხოლო 19 ივნისს მოხდება კანდიდატურების ოფიციალურად დამტკიცება“.

კაია კალასი, ემანუელ მაკრონი, ჯორჯა მელონი და ვიკტორ ორბანი

საფრანგეთი ევროკავშირის დესტაბილიზაციას იწვევს

ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებამ ეროვნული კრების დათხოვნაზე, ბრიუსელი გააოგნა. ევროკავშირისთვის იწყება გადაჯგუფების პერიოდი. ერთის მხრივ საფრანგეთის პრეზიდენტი დასუსტა ევროარჩევნებზე მისი პარტიის მარცხით, მეორეს მხრივ კი შესაძლოა მან ძალაუფლების განაწილებაზე დაიწყოს განხილვა, თუ რიგგარეშე არჩევნებზე ულტრამემარჯვენეები მოიგებენ.
ევროპელი პოლიტოლოგები იხსნებენ მაკრონის ამასწინანდელ გამოსვლას სორბონში, სადაც ის ამბიციურად მოუწოდებდა მტკიცედ და გადამჭრელად ემოქმედათ. ახლა კი არ არის გამორიცხული მას ევროპელი პარტნიორებისადმი მიმართულების მიცემის ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდეს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში შესაძლოა სირთულეები წარმოიშვას თუ მაკრონი შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაიძირება, ხოლო საფრანგეთის სახელით ჟორდან ბარდელა ილაპარაკებს.
ორი ლიდერი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად ჩანდნენ, ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი ევროპარლამენტის არჩევნებიდან დასუსტებული გამოვიდა. ამან კი შესაძლოა მანევრისთვის მეტი სივრცე მისცეს სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებს, მაგალითად, პოლონეთს იტალიას და ესპანეთს.

რა და როგორ იქნება

ბუკა პეტრიაშვილი:
„ახლა საინტერესოა როგორ წარუძღვებიან და რა იქნება მთავარი ამოცანები ევროკომისიისთვის, ევროპული საბჭოსთვის. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაფართოების მიმართულებით ვინ იქნება პორტფელის მფლობელი. ამ მხრივაც სერიოზული განხილვები და დისკუსიები იქნება“.

ირაკლი კობახიძე:
„ეს არის ჩვენი ოპტიმიზმი, რომ პირველ რიგში ევროკავშირი მოახერხებს დეოლიგარქიზაციას. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეუძლია დეოლიგარქიზაციის მიღწევა და შესაძლებელი გახდება საკუთარი ეროვნული ინტერესების უფრო მტკიცედ დაცვა“.

გამოყენებულია ევრონიუსის მასალები
ფოტო: business-standard
msn
europarl
usnews
aawsat
zeit
theguardian

magti 5g