„თქვენ მეუბნებით, რომ მაგალითად, მე, მამუკა მდინარაძე ვარ დასანქცირებული. ჩემთვის არ არის ცნობილი და თქვენთვის არის ცნობილი? ეს რაღაც სიმპტომია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლო სანქცირებაზე საუბრის დროს, ჟურნალისტების მისამართით განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, „ადამიანები სიცოცხლეს სწირავდნენ, თავად კი „გადაადგილების თავისუფლებას შესწირავს“.
„დღეს დაზუსტებით არ ვიცით, არც მე და არც თქვენ, ასეა თუ არა [დასანქცირება]. თან მეუბნებით, რომ „ქართული ოცნებისგან“ გამოვიდა ინფორმაციაო, „ქართული ოცნებისგან“ ვერ გამოვიდოდა, იმიტომ, რომ მე თვითონ არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე, ბოლომდე ვერავინ ხვდება. ამერიკას, ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყანას, თავის დროზე, ერთი „ნაციც“ კი არ დაუსანქცირებია, – ხალხი, რომლებმაც უბინძურესი და უსასტიკესი რეჟიმი შექმნეს, განცხადებაც კი არავის გაუკეთებია, რომელიმე მათგანის, ამ სისტემის ხელმძღვანელების დასანქცირებაზე და ლაპარაკობენ ჩვენს დასანქცირებაზე იმ კანონის მიღების გამო, რომლის გაცილებით მკაცრი ვერსია თავად აშშ-ში მოქმედებს.
რანაირი სამართალია ეს, კაცმა არ იცის. იმ დღეს ვფიქრობდი, 25 წლის ასაკში, „ნაცებმა“ კანონის აღსრულების გამო დამიჭირეს, 20 წლის შემდეგ, 45 წლის ასაკში თქვენ მეუბნებით, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო თურმე დამასანქცირეს. იმედია, 65 წლის რომ ვიქნები, წაკითხვის გამო ვიღაცა რაღაცას არ მიზამს. გამაგებინონ, ის მაინც მეცოდინება სანქცირებული ვარ თუ არა, რომ ჩემი სადღაც გადაადგილების თავისუფლება შევწირე ჩემს ქვეყანას, ზუსტად მეცოდინება და ამაყი ვიქნები ამით. ადამიანები თავის სიცოცხლეს სწირავდნენ, დიდ ამბავი, გადაადგილების თავისუფლებას შევწირავ მეც, კი ბატონო“,- თქვა მამუკა მდინარაძემ.