LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„20 წელზე მეტია, რაც თბილისში ჩამოვედი და იმ დროიდან ქირით ვცხოვრობ… ცათა სასუფეველში უფრო შეხვალ ადამიანი, ვიდრე სნობურ, ქართულ ბომონდურ საზოგადოებაში“ – მაკა შალიკაშვილი

743
-2023-04-18_15-04-34_942529

მსახიობი მაკა შალიკაშვილი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში იმ პრობლემაზე საუბრობს, რომელსაც უკვე წლებია უმკლავდება. როგორც მსახიობი აღნიშნავს, 20 წელზე მეტია რაც დედაქალაქში ცხოვრობს და მიუხედავად არაერთი სამსახურისა და თავდაუზოგავი შრომისა, საკუთარი ხელფასით ბინის შეძენას დღემდე ვერ ახერხებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

საერთოდ, ადამიანს უამრავი პრობლემა აქვს, რადგან ამის გარეშე არ ვარსებობთ – ეს ვიცით და ბუნებრივია. ამისთვის გვამზადებენ ჯერ – სახლში (მშობლები), შემდეგ – საბავშვო ბაღში, სკოლაში… სწავლასთან ერთად, პრობლემებზე გველაპარაკებიან, გამოცდილებას გვიზიარებენ, რომ ცხოვრებაში სირთულეებს მომზადებული შევხვდეთ. ეს პრობლემები ადამიანს პიროვნულ ზრდაში, განვითარებაში, გაძლიერებაში გეხმარება, რომ საბოლოო ჯამში, უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბდე. ის პრობლემა, რაც მე მაქვს და რის შესახებაც მინდა გესაუბროთ, საშინლად მიშლის ხელს: ბინა არ მაქვს. ამის გამო, რაც კი ცხოვრებაში შემიძენია, ყველაფერი ფასს კარგავს, როდესაც არ ვიცი ვინ როდის, რატომ და რისთვის გამომიშვებს სახლიდან… უბინაობა პრობლემათა იმ კატეგორიას არ განეკუთვნება, რომელიც გაძლიერებს, ცოდნას და გამოცდილებას გაძლევს, პიროვნულად გზრდის… მე რა პრობლემაც მაქვს, ამის გამო, ჩემთვის ყველაფერი აზრს კარგავს, რადგან თუნდაც ბინის მეპატრონესთან ხელშეკრულების გაფორმებისას, მაინც დროებითი საცხოვრებელი გაქვს. მუდმივად გადასვლა-გადმოსვლა გიწევს… პირადად მე, ამ ტიპის სიახლეების მიღება მიჭირს. ეგ კი არა, საზღვარგარეთ ამიტომ ვერ წავედი ვერასოდეს, რომ სხვაგან ვერაფრით ვიცხოვრებ. ცუდია თუ კარგი, ჩემი ქვეყანა მიყვარს – წარმატება და ბედნიერება აქ მინდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ და ზუსტად ვიცი, რომ “ერთნაირი სულის” ადამიანების მონახვა ყველგან შეიძლება, სხვაგან მაინც ვერასდროს ვიცხოვრებ. ხომ გაგიგონიათ – მსახიობს უნდა შიოდეს და სწყუროდეს, რომ კარგად ითამაშოსო? რა თქმა უნდა, ამას ვეთანხმები, როცა მსახიობს იმდენი საქმე გაქვს, რომ ვერ ჭამ და იცი, რა არის შიმშილი, მაგრამ დიდი განსხვავებაა, როცა გაჭირვების გამო ვერ ჭამ… გაჭირვება ძალიან თრგუნავს და მიწასთან ასწორებს მსახიობის ღირსებას, ყველაფერს… ჩემთვის ბევრჯერ უკითხავთ, – ბინა რატომ არ გაქვსო? განა იმიტომ არ მაქვს, რომ გარკვეული პრობლემების გამო გავყიდე ან წამართვეს, ან – მამაჩემი დააკავეს და იძულებული გავხდით, ბინა გაგვეყიდა?.. მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენ სახლი არ გვქონია ქალაქში, სადაც საბედნიეროდ თუ ჩემდა სამწუხაროდ, ის უნივერსიტეტი მდებარეობს, რომელში ჩაბარებაც მსურდა. თეატრალური უნივერსიტეტი სოფელ იგოეთში ან კასპში რომ ყოფილიყო, დამიჯერე, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა – სნობ ქალაქელებს არ შევაწუხებდი: თბილისში არ „ჩამოვეთრეოდი“ და მათ თვალში არ შევეჩხირებოდი, ვისაც ძალიან არ ვუყვარვარ და ამბობენ, – სოფლელი სოფელშიო…

– ასეთ დამოკიდებულებას დღესაც გრძნობთ?

– კი, ბატონო. ადრეულ ასაკშიც ვგრძნობდი და დღესაც. ცათა სასუფეველში უფრო შეხვალ ადამიანი (თუ ქრისტეს მეგობარი იქნები), ვიდრე სნობურ, ქართულ ბომონდურ საზოგადოებაში.

– ცხოვრების რომელიმე ეტაპზე გქონიათ შანსი, ბინა შეგეძინათ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ეს ვეღარ შეძელით?

– არასოდეს. ჩემი ხელფასით ბინას ვერასოდეს შევიძენდი და ვერც ახლა შევიძენ, რადგან ეს წარმოუდგენელია: 3 თეატრში ვმუშაობ და თანხას ვაგროვებ, რომ გადავიხადო ქირა, აბიტურიენტ შვილს მივხედო… ჯერ ავადმყოფი მამა მყავდა, ახლა დედას და მამიდას სჭირდებათ მიხედვა… საოცრება ხდება: რაკი კარგად გამოვიყურები, კარგად მაცვია, მხიარულ განწყობაზე ვარ, ბინის მეპატრონეები გიჟდებიან, ისე უნდათ, რომ ქირა გამიძვირონ. თუკი ტელეეკრანზე ჩანხარ, ჰგონიათ, რომ ბევრი ფული გაქვს, მილიონებს გიხდიან… მილიონობით მხოლოდ მაყურებლების სიყვარული, სოციალურ ქსელებში – კომენტარი, ვიდეოების „ნახვა“, „მოწონება“ მაქვს და არა – ფული.

– ბანკიდან სესხი გაქვთ აღებული?

– არა. ამჟამად, სესხი არ მაქვს, მაგრამ სესხის გარეშე ბინას ვერ შევიძენ. 20 წელზე მეტია, რაც თბილისში ჩამოვედი და იმ დროიდან ქირით ვცხოვრობ…

ვრცლად იხილეთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები