LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თანხის ნაწილი მამა სებასტიანე ნეფარიძის მზრუნველობის ქვეშ მყოფ 50 ინვალიდ ცუგას მოხმარდება“ – ეროვნულ ბიბლიოთეკაში თვითნასწავლი მხატვრის, ლელა ბექაურის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

250
ლელა ბექაური

8-9 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში თვითნასწავლი მხატვრის, ლელა ბექაურის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება.

გამოფენა სახელწოდებით – „მაჩვენე პატიება“ საქველმოქმედო ხასიათის იქნება და მხატვრის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილ 50-მდე ნამუშევარს გააერთიანებს.

„ეს გამოფენა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ის საქველმოქმედო ხასიათისაა და მიუსაფარი, ინვალიდი ოთხფეხა მეგობრების დასახმარებლად იმართება.

შემოსული თანხის ნაწილი მამა სებასტიანე ნეფარიძის მზრუნველობის ქვეშ მყოფ 50 ინვალიდ ცუგას მოხმარდება.

ამ ადამიანის სიკეთეების შესახებ სოციალური ქსელიდან შემთხვევით გავიგე, მეც შეძლებისდაგვარად ვეხმარები ხოლმე, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩემი პერსონალური გამოფენის გამართვის იდეა გაჩნდა, მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს აუცილებლად საქველმოქმედო ხასიათის უნდა ყოფილიყო და რომ აუცილებლად უნდა დავხმარებოდი ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს“, – ამბობს თვითნასწავლი მხატვარი.

როგორც ლელა ბექაური აღნიშნავს, საკუთარ ნამუშევრებს სახელს არ არქმევს, რადგან მიაჩნია, რომ თითოეულმა ადამიანმა ყოველი ნამუშევრის ნახვის დროს საკუთარი სულის სიღრმეში უნდა ჩაიხედოს და აღიქვას ისე, როგორც თავად სურს:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ნამუშევრებს სახელს არასდროს ვარქმევ, მაქვს ერთი ნამუშევარი, რომელსაც „მაჩვენე პატიება“ ჰქვია. სწორედ ამ ნამუშევარმა მომცა გამოფენის სახელწოდების ინსპირაცია და მიზანი – ვიზრუნო ინვალიდ ოთხფეხა მეგობრებზე“, – აცხადებს მხატვარი.

გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი თითოეულ ნამუშევარში განსხვავებულ თემატიკას აღმოაჩენს. წარმოდგენილი ნამუშევრები მოიცავს როგორც იაპონურ თემატიკას, ისე კუბიზმსა და ნაივურ ხელოვნებას. დამთვალიერებელი ასევე იხილავს აბსტრაქტულ და მოდერნისტულ ნამუშევრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g