LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღმოაჩინა ლელა ბექაურმა საკუთარ თავში ხატვის ნიჭი 53 წლის ასაკში: „ჩემმა შვილებმა ხატვისთვის საჭირო მასალები დედის დღეს მაჩუქეს, რომლებიც სამსახურში წავიღე… გადავწყვიტე, მეცადა და დამეხატა…“

201
ლელა ბექაური

ლელა ბექაური თვითნასწავლი მხატვარია, რომელიც ჟურნალ „თბილისელების“ ყურადღების ცენტრში მოექცა. ახლახან მას პირველი პერსონალური გამოფენა ჰქონდა და ჟურნალს საკუთარი ემოციები გაუზიარა.

აღსანიშნავია, რომ ლელა ბექაური წლებია, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ თანამშრომელია. მას ბიბლიოთეკათმცოდნეობა აქვს დამთავრებული, ჰყავს ოჯახი და შვილები, ხატვა კი 53 წლის ასაკში დაიწყო, მას შემდეგ, რაც შვილებმა დედის დღეს ხატვისთვის საჭირო მასალები უსახსოვრეს:

„ერთი წლის წინ ყველაფერი ძალიან მოულოდნელად და შემთხვევით დაიწყო, მას შემდეგ გაუჩერებლად ვხატავ… სახლში 200-მდე ნამუშევარი მაქვს და ჩემთან პირველად რომ მოდიან ხოლმე სტუმრად, რაც აღმოხდებათ, ეს აღფრთოვანების შეძახილებია…

ჩემმა შვილებმა დედის დღისთვის საჩუქარი გამიკეთეს. რატომღაც გადაწყვიტეს, ჩემთვის ხატვისთვის საჭირო მასალები ეყიდათ.

რადიო „ფორტუნაში“ ვმუშაობ და როცა ჩემმა შვილებმა ეს საჩუქარიო გამიკეთეს, სამსახურში წავიღე. დროის ძირითად ნაწილს იქ ვატარებ და ვიფიქრე, რომ იქ ვნახავდი, რა იყო. სიმართლე გითხრათ, ეს საჩუქარი კი გამიხარდა,მ მაგრამ არ მიფიქრია, რომ მართლა დავხატავდი. ჩემთვის გავიფიქრე, ეს ხომ ძალიან ადრე იყო-მეთქი. სახლში რომ დამეტოვებინა, ყველა ნახავდა, რომ არ ვიყენებდი, ეს არ მინდოდა, მომერიდა.

მოკლედ რომ გითხრათ, ბრძოლა მქონდა საკუთარ თავთან. ჩემდა გასაკვირად, სამსახურში გადავწყვიტე, რომ მეცადა და დამეხატა (იცინის). ჩემმა კოლეგებმა პირველი ნახატები რომ ნახეს, გაგიჟდნენ, არავინ იჯერებდა, რომ მე დავხატე. ეს დიდი სტიმული იყო ჩემთვის. ამის შემდეგ რომ ვხატავდი, პირველად თანამშრომლებს ვაჩვენებდი ხოლმე და მათი ემოციებისა და შეფასებების დამსახურებაცაა, რომ მერე სოციალურ ქსელში თამამად ვაქვეყნებდი…“

ლელა ბექაურთან ინტერვიუს სრულ ვერსიას ჟურნალ „თბილისელების“ დღევანდელ ნომერში გაეცნობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები