ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი კახეთში გულშემატკივრებთან შეხვედრის ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და წერს, რომ მშობლიურ გურჯაანში ჩასულს განსაკუთრებით ბავშვების სიმრავლემ გააბედნიერა.
გიორგი ქოჩორაშვილი თითოეულ გულშემატკივარს მადლობას უხდის.
„კახეთში, ჩემს მშობლიურ გურჯაანში შევხვდი გულშემატკივრებს. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და მათთან შეხვედრამ დიდი სიხარული მომანიჭა. განსაკუთრებით, ბავშვების სიმრავლემ გამაბედნიერა, რადგან ვხედავ, რომ ჩვენს ქვეყანაში მომავალ თაობას ფეხბურთი პატარა ასაკიდანვე უყვარდება, მათი გმირები კი არა ევროპული გუნდების ვარსკვლავები, არამედ ქართველი ფეხბურთელები არიან.
ჩვენ ვიაზრებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ფეხბურთელები არ ვართ და ამ ბავშვებთან, რომლებიც მთელი გულითა და ყურადღებით გვისმენენ, გვიყურებენ და თვალებში შემოგვციცინებენ, განსაკუთრებულად მოქცევა გვმართებს. ისინი ცდილობენ ჩვენგან ისწავლონ, მოგვბაძონ და მათთვის სამაგალითოები უნდა ვიყოთ.
საოცრად დავიმუხტე, როგორც მიღებული, ასევე გაცემული სიყვარულით.
ყველას მადლობას გიხდით თქვენი ემოციების გაზიარებისთვის!
კიდევ შევხვდებით!“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.
კახეთში, ჩემს მშობლიურ გურჯაანში შევხვდი გულშემატკივრებს. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და მათთან შეხვედრამ დიდი სიხარული…
Posted by Giorgi Kochorashvili on ხუთშაბათი, 18 ივლისი, 2024