მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 2024 წლის 9 იანვარს დაკავებულ პირს, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს, ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეომასალის სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ, 2024 წლის 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველოს პროკურატურა ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს.
ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე პროკურატურის ინიციატივით მომზადდა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე სასჯელი გამკაცრდა“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
🔵 პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი…
Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on პარასკევი, 02 აგვისტო, 2024