LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“ – საგარეო საქმეთა სამინისტრო

123
საგარეო საქმეთა სამინისტრო

2008 წლის აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტრო: „2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დროშები დაეშვა“

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების დაბრკოლება.

„2024 წელს 16 წელი სრულდება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან. 

16 წლის შემდეგაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს განუყოფელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევითა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულებელყოფით, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021-24 წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით. 

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები; საოკუპაციო ძალების მიერ რეგულარულად ჩატარებული სამხედრო წვრთნები; საოკუპაციო ხაზზე ხელოვნურად აღმართული ბარიერები; საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობები, უკანონო დაკავებები, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია და რუსეთის მიერ განხორციელებული სხვა დესტრუქციული ქმედებები კიდევ უფრო აუარესებს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მყიფე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ გარემოს. ამავდროულად, რუსეთი დღემდე აბრკოლებს ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავ წვდომასა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას.  

საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარებით, დასახლებული პუნქტებისა და სტრატეგიული ობიექტების გადაფორმებით, საოკუპაციო რეჟიმებთან სხვადასხვა სახის ინტეგრაციული ე.წ. ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების დადებითა და განხორციელებით, რუსეთი მიზნად ისახავს საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ სისტემებში ინტეგრაციას და ხელს უწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევას როგორც დანარჩენი საქართველოსგან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისგან.

საქართველო განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მიზნად ისახავს, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება. საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომლის მთავარი მიზანია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხების გადაწყვეტა. საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად და საერთო ევროპული მომავლის მშენებლობისკენ. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ და უპირობო  მხარდაჭერას და მადლიერია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების დაბრკოლება.  

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს და პატივს მიაგებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული  მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2024 წელს 16 წელი სრულდება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან. 16…

Posted by საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia on ოთხშაბათი, 07 აგვისტო, 2024

„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე“ – ენტონი ბლინკენი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g