LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადრე, მომართვიანობის დროს გოგოები სჭარბობდნენ, წელს გენდერული თანასწორობა დავიცავით, ბიჭებიც მიმართავენ სტაციონარს“ – გუგა ქაშიბაძე გარუჯვის მიზნით, მზისგან დამწვრობის შემთხვევებზე

138
გუგა ქაშიბაძე

„ზაფხულში, მზის დამწვრობები მატულობს. წელსაც, სამწუხაროდ, გვყავდა 3, 5, 7 წლის ბავშვები, რომლებიც მზეზე არა რუჯის მიღების მიზნით, არამედ სათამაშოდ იყვნენ გასულები და დამწვრობა მიიღეს“, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ქირურგმა გუგა ქაშიბაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში განაცხადა.

როგორც გუგა ქაშიბაძემ მზის დამწვრობის სტატისტიკაზე საუბრის დროს განაცხადა, იმ პაციენტებიდან, რომლებიც სტაციონარს მიმართავენ, არიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები:

„წელს ერთი ცვლილება არის, თუ ადრე, მომართვიანობის დროს მაინც გოგოები სჭარბობდნენ, წელს გენდერული თანასწორობა დავიცავით, ბიჭებიც მიმართავენ სტაციონარს.

იყო პაციენტი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ჩვენთან ორჯერ მოხვდა – ერთხელ დაიწვა და რჩევა-დარიგების და მზის სხივბის აკრძალვის მიუხედავად, მეორედაც დაიწვა“, – აღნიშნავს გუგა ქაშიბაძე.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, მზისგან დამწვრობის თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეებს რეკომენდაციებს უზიარებს:

„ზღვაზე და აუზზე აუცილებლად გჭირდებათ ქუდი და სათვალე.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი კრემი, რომელიც აუცილებლად უნდა იხმაროთ, მით უმეტეს, თუ თეთრი ტიპის კანი გაქვთ. აუცილებელია მზის დამცავი კრემის 2 საათში ერთხელ განახლება, ხოლო თუ წყალში ხშირად ჩადიხართ და შესაბამისად, ტანსაც ხშირად იმშრალებთ, მას განახლება კიდევ უფრო ხშირად სჭირდება.

მზისგან დამცავი კრემის გამოყენებასაც ცოდნა უნდა, მაგალითად, ცხვირის წვერზე თუ წავისვამთ და ზურგს მივუშვერთ, ბუნებრივია, ზურგი დაგვეწვება.

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანმა იცის, რომ პირველი ტიპის კანი აქვს და გამორიცხულია, რუჯი მიიღოს, მაგრამ მაინც ავარჯიშებს ორგანიზმს და ბუნებრივია, იწვება.

აუცილებელია მზეზე გასვლის პერიოდის გათვალისწინება – 11-დან 17:00 საათამდე მზე ზენიტშია და ძალიან სახიფათოა“, – ამბობს ქაშიბაძე „ფორტუნასთან“.

ამასთან, როგორც გუგა ქაშიბაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ლეღვის ფოთლების ნახარშით გამოწვეული დამწვრობის შემთხვევა, შარშანდელის მსგავსად, წელსაც არ დაფიქსირებულა:

„ყოველ შემთხვევაში, ჩვენს კლინიკაში, საბედნიეროდ, არც ერთი პაციენტი არ არის დაფიქსირებული. ეს ბუნების კანონი მგონია, ადრე თუ გვიან, ყველა მოვლენა წყდება ხოლმე“, – აღნიშნავს გუგა ქაშიბაძე.

mazda magti 5g