„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, ჩიკაგოში გამართული შეხვედრების შემდეგ აცხადებს, რომ „ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია“. მისივე განცხადებით, „ეს არის მათი დასკვნა მრავალი შეხვედრის შემდეგ, რომელიც კონგრესმენებთან, სენატორებთან და ბიზნეს წრეებთან ჰქონდათ“.
მისი თქმით, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან და სენატორებთან, მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნებათ, რომ საქართველოსა და აშშ-ს მჭიდრო კავშირის აღდგენა მოხდეს.
„ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, ეს არის ჩვენი დასკვნა მრავალი შეხვედრის შემდეგ, რომელიც კონგრესმენებთან, სენატორებთან და ბიზნეს წრეებთან გვქონდა.
უფრო მეტიც, ჩვენი ერთიანობის, ხუთი ნომრის გამარჯვება ამერიკასთან უვიზო მიმოსვლას, მეტ ამერიკულ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილს, დიდ ბრენდებს, რომლებსაც საქართველოში შემოვიყვანთ და ძლიერ საქართველოს ნიშნავს, სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან ერთად.
მიმდინარე კვირაში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან და ჩვენს პარტნიორ სენატორებთან იმისთვის, რომ შევძლოთ საქართველოს და აშშ-ს მჭიდრო კავშირების აღდგენა“, – განაცხადა ვაშაძემ.