ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია კესარია აბრამიძის მკვლელობას პირდაპირ ეთერში, ემოციური სიტყვით გამოეხმაურა:
„თურმე როგორ ვცდებოდი, როცა მეგონა, რომ მან მაინც შეძლო, მან მაინც მოახერხა ამ აგრესიის მიუხედავად, რაც ქვეყანაშია, ჰომოფობიით გაჟღენთილი ჰაერის მიუხედავად, რაღაცნაირად შეექმნა თავისი პატარა სამყარო, სადაც ბედნიერი იყო… თურმე, როგორ ვცდებოდი“, – ამბობს ინგა გრიგოლია.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად კანონით დადგენილ ვადაში წაუყენებენ, რის შემდეგაც, სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ მიდის ბრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსთან დაახლოებით, 19:00 საათზე, როგორ ადის ის ლიფტით და დაახლოებით, 15 წუთში კიბეებით როგორ ტოვებს სადარბაზოს.
მოკლულის მეზობლების განცხადებით, მათ ყვირილის ხმა გაიგეს, აბრამიძის სახლთან მისულმა მეზობელმა კი ახალგაზრდა ქალი დაჭრილ მდგომარეობაში იპოვა.
მეზობლების განმარტებითვე, აღნიშნულ მამაკაცს ისინი ხშირად ხედავდნენ. მათივე ცნობით, აბრამიძეს ბექა ჯაიანის მხრიდან მუქარაზეც არაერთხელ უსაუბრია.
კესარია აბრამიძის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია, ის ექსპერტიზაზე შემთხვევის ადგილიდან გუშინ გადაასვენეს.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.