რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემის „პულსის“ სტუმარმა, საქართველოს ნეიროქირურგიული საზოგადოების პრეზიდენტმა გიორგი მაღალაშვილმა ქართული ნეიროქირურგიის განვითარებასა და იმ წარმომადგენლობით კონგრესზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა თბილისში საქართველოს ნეიროქირურგიული საზოგადოების ორგანიზებითა და ევროპელი კოლეგების მხარდაჭერით.
– ბატონო გიორგი, როგორ შეიქმნა საქართველოს ნეიროქირურგიული საზოგადოება და რა არის მისი მთავარი მიზანი?
– საქართველოში მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი ნეიროქირურგიული ორგანიზაცია არსებობდა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მართალია, გააგრძელა ფუნქციონირება და რამდენიმე კონგრესიც გამართა, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე ნაკლებად აქტიურობდა. ჩვენი საზოგადოება 2022 წელს შეიქმნა ახალგაზრდა ნეიროქირურგების ინიციატივით, რომელთა მთავარ მიზანს მსოფლიო ორგანიზაციებში გაწევრიანება და მათ მუშაობაში მონაწილეობის მიღება წარმოადგენდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ორგანიზაციების წევრობა მთელი რიგი პრივილეგიებისა და კვოტების, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების, პროფესიული ღონისძიებების მოწყობისა და ფინანსური დახმარების მისაღებად. დღეს ჩვენ ევროპული ასოციაციის წევრები ვართ, რაც მნიშვნელოვნად გვიმარტივებს უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობას. მეტიც, სწორედ ევროპელები შუამდგომლობენ ჩვენს გაწევრიანებას მსოფლიო ასოციაციაში.
ძალიან საინტერესო მოდელი მოქმედებს ევროპულ საზოგადოებებში, რადგან არა მხოლოდ პრეზიდენტს ირჩევენ ორი წლით, არამედ მის შემცვლელსაც, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს პრეზიდენტთან, რათა პოსტის დაკავების შემდეგ ზუსტად იცოდეს რა მდგომარეობაა საზოგადოებაში. ანალოგიური მოდელი ავირჩიეთ ჩვენც, რადგან ჩავთვალეთ, რომ ამგვარი მეთოდით მუშაობა ბევრად სასიკეთო და სასარგებლოა.
გასულ წელს, ბარსელონაში გაიმართა ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციის ყრილობა, რომელმაც ოფიციალურად მიგვიღო წევრებად და მსოფლიო ასოციაციასთან გვიშუამდგომლა მომავალ წელს გაწევრიანებისთვის.
– რამდენად კმაყოფილი ხართ ქართული ასოციაციის მიერ მოწყობილი კონგრესით?
– კონგრესი ჩვენი ინიციატივით, თუმცა ევროპულ ასოციაციასთან შეთანხმებით გაიმართა გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ. ერთ-ერთ პირობად მომხსენებელთა შერჩევის წესი იქცა, რომელთა შორის 25% ევროპის ასოციაციის ბორდის წარმომადგენლები ანუ უმაღლესი კატეგორიის ნეიროქირურგები უნდა ყოფილიყვნენ. უამრავი სტუმარი, დარგის წამყვანი სპეციალისტი ეწვია ჩვენს კონგრესს ევროპის ასოციაციის პრეზიდენტის ჩათვლით, მომავალი პრეზიდენტი კი, ვიდეომოხსენებით შემოგვიერთდა. სავარაუდოდ, ჩვენი კონგრესი ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება, რათა ევროპული ასოციაციის ყველა პრეზიდენტთან შევძლოთ შეხვედრა. წლევანდელი კონგრესი მეტად ინფორმატიული იყო, რადგან უამრავი თემა განვიხილეთ და დეტალურად გავაცანით ევროპელ კოლეგებს ქართველი ნეიროქირურგების მუშაობა. რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვუმასპინძლეთ უცხოელ სტუმრებს, მათ შორის სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს, თუმცა ბევრად სასიამოვნო იყო, რომ მომხსენებელთა 50% ქართველმა ნეიროქირურგებმა შეადგინეს.
დიდი მადლობა მივიღეთ ევროპის ასოციაციის მოქმედი პრეზიდენტისგან ტორსტენ მელინგისგან, რომელმაც სასიამოვნოდ გაკვირვებულმა აღნიშნა, რომ ვერც წარმოიდგენდა, თუ საქართველოში ასეთ მაღალ დონეზე იქნებოდა განვითარებული ნეიროქირურგია, ამიტომ მაქსიმალურ ხელშეწყობას შეგვპირდა. მალე ბულგარეთში გაიმართება მორგი კონგრესი, რომელსაც ჩვენი ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდებიან. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ევროპელ კოლეგებთან ჩვენი ურთიერთობა შედგა, წარმატებით ჩაიარა პირველმა შეხვედრამ და ოფიციალურად მივიღეთ ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციის სიმბოლიკის გამოყენების უფლება.
ერთი წლის შემდეგ ევროპის ასოციაციას ვინჩენცო სალა ჩაუდგება სათავეში. სალა ძალიან ცნობილი ნეიროქირურგია, სწორედ მან დაამკვიდრა ინტრაოპერაციული ნეიროფიზიოლოგიური მონიტორინგი ევროპაში, რომელიც საქართველოში პირველად ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ განყოფილებაში დაინერგა, რითაც თავად სალაც ძალიან დაინტერესდა. რამდენიმე წლის წინ ეგზოსკოპის იდეის ავტორი, იაპონელი ნეიროქირურგი გავაკვირვეთ, როცა ვუთხარით, რომ ჩვენც გვქონდა მის მიერ შემუშავებული, მერე კი, SONY-ს მიერ შექმნილი აპარატი. ალბათ იცით, რომ ქართველები წამყვან პოზიციაზე ვართ ეგზოსკოპიული ნეიროქირურგიის მიმართულებით.
– როგორ შეაფასებთ ქართულ ნეიროქირურგიას, რამდენად ახერხებენ ქართველები მსოფლიო ინოვაციებისა და უცხოელი სპეციალისტებისთვის ფეხის აწყობას?
– გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ნეიროქირურგია ძალიან მაღალ დონეზეა. უამრავი ინოვაცია, ახალი მიმართულება დაინერგა და წარმატებით ვითარდება, თუმცა არის ვიწრო სპეციალიზაციები, რომლებიც ფინანსური სიმწირის გამო ნაკლებადაა განვითარებული. სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო ბავშვთა ონკოლოგია ნეიროქირურგიის ჩათვლით, ანუ სწორედ სახელმწიფო აფინანსებს თავის ტვინის სიმსივნით დაავადებული ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას, რის გამოც ფუნქცია დაკარგა ამ დარგმა საქართველოში, არადა ბრწყინვალე სპეციალისტები გვყავს. ვფიქრობ, ის ფინანსები რაც უცხოეთში იხარჯება, საქართველოში რომ დარჩეს თურქეთის კლინიკებზე უკეთესად შევძლებდით ბავშვთა ნეიროქირურგიის განვითარებას, რადგან ბრწყინვალე ინტელექტუალური პოტენციალი გვაქვს ახალგაზრდა სპეციალისტების სახით, რომლებიც ინტენსიურად იმაღლებენ კვალიფიკაციას საზღვარგარეთ.