LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ურთულესი პროექტი აღმოჩნდა, რადგან საერთო ჯამში, შვიდი წელი დამჭირდა სრულფასოვანი სიმღერისა და კლიპის გამოსაშვებად“ – ნინი ბადურაშვილი

574
ნინი ბადურაშვილი

რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“-ს  მომღერალი ნინი ბადურაშვილი სტუმრობდა  შემოქმედებითი სიახლეებითა და ახალ კლიპით, რომელიც ეკა კახიანის სიმღერაზე „უშენოდ“ შეიქმნა.

ახალი კლიპი

ყველას ძალიან უყვარს ეს სიმღერა დედას შესრულებით, თუმცა მეგობრები ხშირად მთავაზობდნენ ჩემეული ვერსიის გაკეთებას. დიდხანს ვიკავებდი თავს, თუმცა ბოლოს დავთანხმდი. რამდენიმე წლის, როცა მამაც ცოცხალი იყო, მასთან და ანრისთან ერთად კინოსტუდიაში გადავიღე სიმღერის კლიპი, თუმცა ძალიან არ მომეწონა. ყოველთვის საშინლად მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ და ყველა წვრილმანს ვაკვირდები, რადგან მინდა, ყველაფერი იდეალურად იყოს.

ახალი – შედარებით კლასიკური ვერსია ნიკა ნიკვაშვილთან ერთად გავაკეთე კოვიდ-პანდემიის დაწყებამდე. ნიკამ უზარმაზარი ორკესტრი შეკრიბა და ახლა უკვე საორკესტრო ვერსია ჩავწერეთ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ მივიყვანე. მეტიც, პანდემიის დროს საერთოდ მივივიწყე და „გაზაფხულია“ გავაკეთე ახალი ვერსიით.

ბოლო ვერსია ლაშა ცერიაშვილთან ერთად გავაკეთე, რომელიც თითქმის ყველა ჩემი კლიპის ავტორია. ლაშამ ცეკვის დადგმა შემომთავაზა. თავიდან ვერ მივხვდი რა შუაში იყო ამ სიმღერასთან ცეკვა, მაგრამ მაინც დავთანხმდი. ბრწყინვალე მოცეკვავეები შევკრიბეთ, არაჩვეულებრივი საცეკვავო ნომერი გადავიღეთ, თუმცა მაინც არ მოგეწონა და ახალი ისტორიის მოფიქრება გადავწყვიტეთ. ურთულესი პროექტი აღმოჩნდა, რადგან საერთო ჯამში, შვიდი წელი დამჭირდა სრულფასოვანი სიმღერისა და კლიპის გამოსაშვებად, თუმცა ახლა ყველაფერი მომწონს და ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მართლაც ხარისხიანი ვიდეო გამოვიდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც კლიპის გადაღებაში დამეხმარა, რადგან ყველამ იდეალურად შეასრულა მასზე დაკისრებული მისია.

ახალი პროექტები

მართალია, ძალიან საინტერესო შეთავაზება მივიღე თურქებისგან, მაგრამ თურქულ ენაზე მიწევდა როლის შესრულება, ამიტომ დროის სიმცირის გამო უარი ვთქვი შეთავაზებაზე. კიდევ ერთ პროექტზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა ჯერ არ ვიცი, რა გამოვა. საერთოდ ძალიან მაინტერესებს თურქული კინობაზარი, თუმცა ენის სწავლაა საჭირო, რისი დრო ნაკლებად მაქვს. „ხიდის“ პრემიერა უკვე შედგა თურქეთში, მინდა ფილმი ქართველმა მაყურებელმაც ნახოს, მაგრამ ჯერ არ ხერხდება.

სამომავლოდ მასშტაბურ ტელეკონცერტის გაკეთებას ვგეგმავ, რომელიც „იმედის“ ეთერით გადაიცემა. აქტიურად ვემზადები საღამოსთვის, რადგან ძალიან მინდა ლამაზი, ბრჭყვიალა სანახაობის მოწყობა. სავარაუდოდ, რამდენიმე დუეტი და სიმღერის პრემიერა შედგება. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ჩემი საყვარელი მუსიკოსები შევკრიბე და ახალი ბენდი შევქმენი, რომლისთვისაცს ახალ რეპერტუარს ვამზადებ ჩემი სიმღერებითა და ცნობილი ქავერებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები