Mercedes-Benz იუწყება, რომ Magna Steyr-ის ქარხანაში, ავსტრიაში კონვეირიდან 300 000 ყველგანმავალი Mercedes-Benz G-Class ააწყვეს. ცნობილია, რომ ბრენდის ლეგენდარული მოდელი უკვე 38 წელია იწარმოება. საიუბილეო მოდელის სპეციალური ვერსია გამოვიდა, მას განსაკუთრებული ცისფერი ფერი აქვს და პრემიალური ტყავის სალონით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, მოდელი Off-Road-ის ნაკრებით არის შევსებული, რომელიც 16 დიუიმიან დისკებსა და სახურავზე მასიურ საბარგულს მოიცავს.
Mercedes-Benz-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Mercedes-Benz G-Class ავსტრიაში 1978 წლიდან იწარმოება და დღეს მსოფლიოში ყველგანმავლების ეტალონად მიიჩნევა. მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ მოდელი ევოლუციას განაგრძობს და ახალი სიმაღლეებისკენ იღწვის.
უნდა გავხსენოთ ისიც, რომ Mercedes-Benz G-Class-მა 2016 წელს გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს – 20 000 ერთეულს მიაღწია. 2017 წელს გერმანულ მწარმოებელს ახალი რეკორდის მოლოდინი აქვს.