LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროექტს ქეთი ფარესაშვილი და მისი ბრწყინვალე ბენდი გახსნის“ – ანი ლაღიძე და ქეთი ფარესაშვილი სალონური საღამოების დეტალებით „არტ- FM“-ში

943
ქეთი ფარესაშვილი

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემის „არტ- FM“-ის სტუმრებმა ქეთი ფარესაშვილმა და ანი ლაღიძემ იმ სალონურ საღამოების ციკლზე ისაუბრეს, რომელიც 31 ოქტომბერს დაიწყება.  

(ანი ლაღიძე) სალონურ შეხვედრებს დიდი ხნის ისტორია აქვთ. უამრავი მსგავსი შეხვედრა მოეწყო, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებასა და საზოგადოების განვითარებაში. წლების წინ საგალერეო სივრცე მქონდა, სადაც სისტემატურად ვაწყობდით მსგავსი ფორმატის შეხვედრებს, 31 ოქტომბერს კი, რედისონ რედის არაჩვეულებრივ სივრცეში ვუმასპინძლებთ სტუმრებს. ძალიან მიხარია, რომ პროექტს ქეთი ფარესაშვილი და მისი ბრწყინვალე ბენდი გახსნის. თუმცა, საღამო არა მხოლოდ მუსიკალური ნომრებით, არამედ საინტერესო საუბრებითაც იქნება დატვირთული. გარდა ამისა, მოვაწყობთ კულინარიულ შოუს, დავათვალიერებთ რედისონ რედის უნიკალურ შენობას, რომელსაც უმდიდრესი ისტორია აქვს.

(ქეთი ფარესაშვილი) ძალიან მიხარია, რომ ანიმ მსგავსი პროექტი წამოიწყო. ჩემთვის დიდი პატივია არაჩვეულებრივი საღამოების ციკლის გახსნა. ჩვენ მრავალფეროვანი პროგრამით წარვდგებით პუბლიკის წინაშე, რადგან რეპერტუარში არა მხოლოდ ბრაზილიური კომპოზიციები, არამედ უამრავი ქართული, ესპანური და ინგლისური სიმღერა გვაქვს. სიმღერასთან ერთად ტამტამზეც დავუკრავ, მართალია, ხელები გადავიტყავე, მაგრამ მაინც ვისწავლე დაკვრა. ზოგადად, ძალიან მიყვარს ბრაზილია, მეტიც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ქვეყანაა, სადაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.

რაც შეეხება ბრაზილიური მუსიკის ფესტივალს – ტრადიციულად ძველით ახალ წელს, 13 იანვარს დაიწყება თბილისში და სავარაუდოდ, ბათუმში გაგრძელდება. ძალიან გვინდა ტურნეს მოწყობა, თუმცა ჯერ მხოლოდ გეგმები გვაქვს. ფესტივალი ისევ უხვად უმასპინძლებს ბრაზილიელ სტუმრებს. მიხარია, რომ ბრაზილიური მუსიკა პირველად ჩვენ გავაცანით ქართველ მსმენელს, რადგან მანამდე ბრაზილიელი მუსიკოსები ასე მასიურად არავის ჩამოუყვანია.

სამი სიმღერა ჩავწერე ბრაზილიურ ბენდთან ერთად, თუმცა მოგვიანებით სამივე ერთ კომპოზიციაში „ასე დაიწყო სამბა“ გავაერთიანეთ, რომელიც ჯერ სან-პაულოს კლუბში, მერე სიმღერის ცნობილ ფესტივალზე შევასრულე და პუბლიკის მოწონებაც დავიმსახურე. ასე რომ, უკვე ბრაზილიაშიც იციან, რომ საქართველოში ძალიან უყვართ და აქტიურად უსმენენ მათ მუსიკას. მართალია, სკოლაში ვმუშაობდი მუსიკის მასწავლებლად, რადგან ძალიან მინდოდა ბრაზილიური მუსიკის ბავშვების გაცნობა, მაგრამ დროის სიმცირის გამო მუშაობას თავი დავანებე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g