LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 წლის გოგონამ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ლეიკემია დაამარცხა: „2 წელი ველოდებოდი იმ ბედნიერ დღეს, როდესაც მოგიყვებოდით „სიცოცხლეზე“ გამარჯვების ისტორიას… არასოდეს დანებდეთ!“ – დედის ემოციური ინტერვიუ შვილის გამოჯანმრთელების შემდეგ

481
ანა საღირაშვილი

„როდესაც ერთ ფარატინა ფურცელზე დაწერილმა ჩემი შვილის მძიმე დიაგნოზმა თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება და სულიერი სიმშვიდე წამართვა, გულში მხოლოდ იმედი და უფლის რწმენა ჩავისახლე, დანარჩენს ინსტინქტებით მივყვებოდი, თქვენი გვერდში დგომით კი მივიღეთ შედეგი, რომ დღეს ვთქვა ,,ჩემი ნინიკო სრულიად ჯანმრთელია!“, – ამბობს 5 წლის ნინიკო ბიწაძის დედა, ანა საღირაშვილი და შვილის გამოჯანმრთელების შესახებ სასიხარულო და ემოციურ ისტორიას გვიზიარებს.

როგორც რადიო „ფორტუნას“ ანა საღირაშვილმა უთხრა, შვილს ლეიკემიის დიაგნოზი ორი წლის წინ დაუსვეს. ბავშვის დედას უთხრეს, რომ საზღვარგარეთ წაყვანას აზრი არ ჰქონდა, რადგან ბავშვის სიცოცხლეს ვერ გადაარჩენდნენ.

ანას თქმით, შვილის მძიმე დიაგნოზმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, თუმცა ბევრი ბრძოლის, გათენებული ღამეების და ახლობლების თანადგომით, პატარა ნინიკო სამკურნალოდ საფრანგეთში გადაიყვანეს, გუშინ კი მედიკოსებისგან სასიხარულო ამბავი შეიტყვეს, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია და რომ მან ლეიკემია დაამარცხა:

„მზად ვარ, ყველას მოვუყვე ამ გამარჯვებაზე, რათა სხვისთვის იყოს სტიმული, რომ არასოდეს დანებდეს“ – ამბობს ანა საღირაშვილი „ფორტუნასთან“.

ანა საღირაშვილმა სასიხარულო ინფორმაცია, სოციალურ ქსელ „ფეისბუკშიც“ გააზიარა:

„მადლობა უფალს! დღევანდელი დღისთვის და ჩემი განსაცდელის მშვიდობიანად დასრულებისთვის! ზუსტად 2 წელია ველოდები ამ ბედნიერ დღეს, როდესაც მე თქვენ გაგიზიარებდით ჩემს სიხარულს და მოგიყვებოდით ,,სიცოცხლეზე“ გამარჯვების ისტორიას!

როდესაც ერთ ფარატინა ფურცელზე დაწერილმა, ჩემი შვილის მძიმე დიაგნოზმა თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება და სულიერი სიმშვიდე წამართვა, გულში მხოლოდ იმედი და უფლის რწმენა ჩავისახლე, დანარჩენს ინსტინქტებით მივყვებოდი,თქვენი გვერდში დგომით კი ეს შედეგი მივიღეთ, რომ დღეს ვთქვა ,,ჩემი ნინიკო სრულიად ჯანმრთელია!“

ჩემი ცხოვრების ამ ბოლო ორმა წელმა, ბევრი სირთულე და ქარ- ცეცხლი გამომატარა,ბევრი უძილო ღამე და ბევრი ნაცრისფერი დღეები,მაგრამ ალბათ უფალი გვაძლევდა იმ ძალას ,რომ ჩვენ ამ ყველაფრისთვის გაგვეძლო… 9 თვე საავადმყოფოში ვიცხოვრეთ,ოჯახის წევრებივით იყვნენ ნინიკოსთვის ფრანგი ექიმები და ექთნები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ, რისთვისაც მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები… ცხოვრების ამ რთულ გზაზე ყოველ წუთს გვერდით მედგა მეუღლე, რომლის გარეშეც მე ამდენს ვერ შევძლებდი,მადლობა მას ამ ნებისყოფისთვის,ის მართლაც გმირი მამაა…

მადლობა შვილებს, ჩემს ბიჭებს ამ მოთმინებისთვის, რასაც ისინი 2 წელია შეგნებულად ითავისებენ… მადლობა ოჯახის წევრებს ყველაფრისათვის!

მადლობა თქვენ ყველას ,ვინც კი ერთი სანუგეშო სიტყვა გამოიმეტეთ ,უფალს ავედრებდით ნინიკოს ჯანმრთელობას,სიკეთის ხელი გამოგვიწოდეთ და გვერდში გვიდგახართ დღემდე…
მადლობა ამ თანადგომისთვის! თანადგომა ,მართლაც ყველაზე დიდი სიმდიდრე ყოფილა ადამიანისთვის…

,,ყველა მახსოვს! ყველა გამოწვდილი ხელი მახსოვს! ყველა სიკეთე მახსოვს!”
უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!“ – წერს ანა საღირაშვილი სოციალურ ქსელში შვილის ფოტოებს უზიარებს საზოგადოებას. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g