LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარვების საკითხი გავაჩერე, ძალიან ცდება“ – ნიკა გვარამია

155
ნიკა გვარამია

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, „თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარვების საკითხი გააჩერა, ძალიან ცდება“.

„ძალიან ბევრი კარავი შეგროვდა და კიდევ გროვდება. ეს შემთხვევითი არ არის, მე რომ რამდენიმე აქციაზე ვერ დამინახეთ, მე მაქვს სხვა საქმე, ჩვენ განაწილებული გვაქვს როლები როგორც ჩვენი კოალიციის შიგნით, ასევე ოპოზიციაში. საქმე არის ძალიან ბევრი და ყველა ვმუშაობთ ჩვენ-ჩვენი მიმართულებით, რათა კოორდინირებული იყოს ეს ქმედებები და მაქსიმალურად ეფექტიანი“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიას თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს თუ რა ხდება ქვეყანაში და რა გეგმები აქვს ოპოზიციას.

„ჩვენ პრეზიდენტის ინიციატივებს არ ვიხილავდით, საუბარი გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში, როგორ ვხედავთ ოპოზიციური პარტიები და რა გეგმები გვაქვს ან ხომ არ შეცვლილა ეს გეგმები. ცხადია, ეს გეგმები არ შეცვლილა, ჩვენ ვიბრძვით არჩევნების შედეგების ბათილობისთვის, ამისთვის გამოვიყენებთ ყველა გზას, როგორც ლეგალურს, ანუ სასამართლოებს და, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოსაც, ასევე გამოვიყენებთ კონსტიტუციითა და კონვენციებით ნებადართულ გზას სახალხო დემოკრატიისა, რომელსაც მარტივად ჰქვია ქუჩა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ეს იცის მსოფლიოში ყველამ. ბუნებრივია, რომ საერთაშორისო შესწავლა ამ არჩევნების აუცილებლად მოხდება იმიტომ, რომ, ყველას შევახსენებ, მეოთხე პუნქტი ბოლო რეკომენდაციებისა ეხება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რამდენად იყო ეს არჩევნები შესაბამისობაში ამ დათქმასთან, ეს ისედაც ცხადი და გასაგებია, თუმცა ჩვენ მტკიცებულებებითაც ამას გავამყარებთ. ახალი არჩევნები იქნება.

პრეზიდენტთან არ გვისაუბრია, საპროტესტო მოძრაობა მოსწონს თუ არა. პრეზიდენტი არის ჩვენი კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი, მას ეს ვალდებულებაც და უფლებაც აქვს და, შესაბამისად, როცა ადამიანები კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იყენებენ, არ მგონია, ეს პრეზიდენტს არ მოსწონდეს.

სამწუხაროა ევროპელი ლიდერების განცხადებები იმიტომ, რომ ჩვენ ევროპელი ხალხი ვართ, მაგრამ კანონზომიერია, რადგან ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა, ამიტომ, თუ გვინდა, რომ თანხვედრაში იყოს ჩვენი ხალხის ევროპული მისწრაფებები ჩვენი სახელმწიფოს ქმედებებთან, უნდა გვყავდეს ახალი მთავრობა ევროპული მისწრაფებებით. ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე გამოხატავს ხელისუფლება, ვიდრე ასეთია ხელისუფლება, ევროპა თავის ოჯახში არ მიგვიღებს, ეს ძალიან გასაგებია, ეს არავის უნდა ეწყინოს და ვისაც ეს არ მოსწონს, ხელისუფლება უნდა შეცვალოს. მოგვპარეს არჩევნები? წავართვათ უკან!”, – აღნიშნა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g