LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია – „გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან არაფორმალური დაჯგუფებების წევრები და არ განეკუთვნებიან შსს-ს – მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები“

221
გიორგი გახარია

გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები და არ განეკუთვნებიან შსს-ის საპოლიციო ქვედანაყოფებს – მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, როგორც ჩანს, დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული.

ის მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, სასწრაფოდ შეაჩეროს „სისასტიკე და ძალადობა თბილისის ქუჩებში“ და მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს გაავრცელოს სრული ინფორმაცია ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში დაზარალებული ადამიანების რაოდენობისა და ადგილსამყოფლის შესახებ.

პრეზიდენტი: „სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს – ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ არ ვიცი, სხვა ნივთიერებებს, რაც მათ გამძლეობას განაპირობებს“

France Inter-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ის რუსეთის დახმარებით და რუსული სისტემით ოსტატურად მოიპარეს“.

„არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, ქალებზე ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში უკვე საშიშ ფორმას იძენს და განსაკუთრებული სისასტიკით გუშინდელი ღამე გამოირჩევა.

ჩვენდა საუბედუროდ, ნიღბის უკან დამალული ადამიანები მეხუთე ღამეა თბილისის ქუჩებში ძალადობენ ჩვენს თანამოქალაქეებზე და ამას აკეთებენ განსაკუთრებული სისასტიკით, უკანონოდ დაკავების შემდეგ უსწორდებიან მათ ფიზიკურად, ძირითადად დაზიანებებს აყენებენ სახისა და თავის არეში, შემდგომ დაზარალებულის მდგომარეობიდან გამომდინარე ზოგს ადგილზე ტოვებენ, ზოგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ, ზოგი გადაჰყავთ წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ეს მძიმე დანაშაული, რომელსაც დღეს პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები სჩადიან, რა თქმა უნდა, დაუსჯელი ვერ დარჩება. ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები და არ განეკუთვნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ქვედანაყოფებს. ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრი გუშინაც განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს, ორი მათგანი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, ორი წინასწარი დაკავების იზოლატორში და ასეთი შემთხვევები არ ეხება მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებს. არიან ახალგაზრდები, დაზარალებულები, რომელთა ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და არავინ არ ვიცით რამდენია ეს ადამიანი, სად იმყოფებიან ისინი დღეს და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საუბედუროდ, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, როგორც ჩანს, დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული და ისინი იმ დონეზე ძალადობენ და ძალადობასთან ერთად მოროდიორობენ, რადგან დაზარალებულ და ნაცემ ადამიანს ართმევენ პირად ნივთებს, ტელეფონებს, ჩანთებს და ა.შ.

მე მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, სასწრაფოდ შეაჩერეთ ეს სისასტიკე და ძალადობა თბილისის ქუჩებში ახალგაზრდებზე, განსაკუთრებით ღამით, მაშინ როცა განსაკუთრებულ დაცვას უნდა უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები. ნიღაბი და დაუსჯელობის გარანტია არის ის, რაც მათ უფრო მეტ სისასტიკეს სძენს.

მინდა მოვუწოდო ჯანდაცვის სამინისტროს, ბოლოს და ბოლოს, ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში დაზარალებული ადამიანების რაოდენობის და ადგილსამყოფლის შესახებ მოგვაწოდეთ სრული ინფორმაცია და ასევე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ის ადამიანები, რომლებიც გადაყვანილი გყავთ წინასწარი დაკავების იზოლატორში მთელი საქართველოს მასშტაბით, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, სად არიან ეს ადამიანები, რა მდგომარეობაში არიან, როდის გადაიყვანენ მათ სასამართლოში ან როგორ დავუკავშირდეთ მათ.

ის, რაც ბოლო ხუთი ღამეა ხდება, არის სრული განუკითხაობა, უკანონობა და ძალადობა განსაკუთრებული სისასტიკით, ეს ანგრევს პოლიციას. პოლიციას თუ არ შერჩა იმის მორალური და სამართლებრივი უნარი და უფლება, რომ დაიცვას წესრიგი ჩვენს ქუჩებში, ჩვენ მივალთ სრულ ქაოსამდე და ეს ქაოსი თავიდან ბოლომდე იქნება მმართველი ძალის პასუხისმგებლობა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარია ირაკლი კობახიძეს არანორმალურს უწოდებს და კითხვაზე, მზადაა თუ არა მასთან საჯარო დისკუსიისთვის, ამბობს, რომ ჯერ კობახიძე ექიმთან უნდა მივიდეს.

„არანორმალურებთან დაკავშირებით მე არც განცხადებას ვაკეთებ, არც კომენტარს. რა კომენტარი უნდა გავაკეთო? არანორმალური დგას და რაღაც სისულელეებს ბოდიალობს. ექიმთან, ექიმთან ჯერ და მერე. 1-2 წლის შემდეგ იქნებ მოვიდეს კონდინციაში“,- განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g