მომავალი წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული ხარჯები ჯამურად, 338 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც 2017 წლის ხარჯებს 41 მლნ ლარით აღემატება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომელიც საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტებსა და პროგრამებს აცნობს.
როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის საბიუჯეტო ხარჯვითი ნაწილი 861 მლნ ლარს შეადგენს, რასაც ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით მიღებული 14 მლნ ლარი ემატება.
„აღნიშნულ ხარჯებში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მოვლა-შეკეთებაში 95 მლნ ლარი დაიხარჯება. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებში – 12 მლნ; სამოქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის შემადგენლობის მოდერნიზაციის მიმართულებით, ჯამში 22 მლნ ლარამდე სატრანსპორტო კომპანიის კაპიტალში წელსვე იქნება მობილიზებული. სწორედ ამიტომ, 2018 წლის ბიუჯეტში ეს თანხა აღარ არის მოცემული“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, მეტროსადგურების რეკონსტრუქცია-მშენებლობისთვის 11 მლნ ლარამდეა გამოყოფილი, რომელიც 2018 წლის განმავლობაში, ჯამში 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციას მოიცავს; საბაგირო ტრანსპორტის განვითარებისთვის – 7,4 ლარი დაიხარჯება; საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის კი – 28,5 მლნ ლარი.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა, განათლება, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება განისაზღვრა.