„საქართველოს ევროკავშირში უნგრეთის ხელმძღვანელობით ჰყავს ისეთი მხარდამჭერები, რომლებიც დაბლოკავენ ყველა უსამართლო გადაწყვეტილებას“, – ასე ეხმაურებიან მმართველ გუნდში ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებას უნგრეთის და სლოვაკეთის მხრიდან ვეტოს გამოყენების შესახებ.
უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის თქმით, ბალტიის სამი ქვეყნის მიერ ინდივიდუალურად დაწესებული სანქციები „გლობალური ომის“ პარტიის მხრიდან ბოლო კუდის მოქნევა იყო.
„საქართველოს ევროკავშირში ჰყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი ხაზი, რომელიც უნგრეთის ხელმძღვანელობით დაბლოკავს ყველა უსამართლო გადაწყვეტილებას, მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებულსაც.
თქვენ ნახეთ, რომ ბალტიის სამმა ქვეყანამ, გამომდინარე იქიდან, რომ ერთობლივ გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ და ვერ აღწევდნენ იმ საწადელ მიზანს, ინდივიდუალურად მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილებები. სამწუხაროა, რომ ის ლობი, რომელიც „გლობალური ომის“ პარტიას აქვს, თუნდაც ევროკავშირის თუ დასავლეთის სხვა ინსტიტუტებში და სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში, ბოლო აქტივობებს აკეთებს და ფაქტობრივად, ეს ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება, ბოლო კუდის მოქნევასავით იყო“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.