ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან თბილისში დაბრუნდნენ, ხოლო აბუ-დაბიში მომხდარი შემთხვევის გამო ჯარიმის სახით გადასახდელად 80 000 დოლარი დაეკისრათ.
„ფორტუნა“ ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას ოფიციალურ სტრუქტურებთან.
ცნობისთვის, 13 იანვარს აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღნიშნულს წინ უძღოდა მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.
შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული.
მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი 12 იანვარს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა.