ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას დექსამეტაზონისა და სტეროიდების თვითნებურად მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, დექსამეტაზონის ამპულის ხშირი მიღება და ინფექციური დაავადების დროს სტეროიდის გამოყენება, ჯანმთელობისთვის მავნეა.
„ჩვენთან ძალიან “უყვართ” დექსამეტაზონი. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი თვითნებურად იღებს ჰორმონებს. განსაკუთრებით პოპულარულია დექსამეტაზონის ამპულის გატეხვა და დალევა. ხშირია ინფექციური დაავადებების დროს სტეროიდების გამოყენება, რაც ხშირად პირიქით, მავნეა. არადა, დექსამეტაზონი, მაგალითად, ცხელებიან პაციენტში ერთი შეხედვით ეფექტურია, რადგან ტემპერატურა ქვეითდება და პაციენტი შვებას გრძნობს და კმაყოფილია. სინამდვილეში სტერიოდების გამოყენებას თავისი სპეციფიური, კონკრეტული ჩვენება აქვს.
ასევე ხშირად და სავარაუდოდ ბევრჯერ ზედმეტად აქვთ დანიშნული სტეროიდები ორსულებს. ამასთან დაკავშირებით ახლახანს გამოქვეყნდა კვლევა (JAMA Network Open), რომელიც ჩატარდა ძალიან დიდ და ხანგრძლივ კოჰორტზე და დაადგინა, რომ ორსულობის პერიოდში სტეროიდების გამოყენება ბავშვებში 50%-ით ზრდის აუტისტური სპექტრის აშლილობების და 30%-ით ზრდის ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის დარღვევის (ADHD) რისკს.
ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ სტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში, როცა ამის ჩვენება მართლა არსებობს, მაგრამ არა ისეთი სიხშირით, როგორც ხდება.“- წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.