ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საქართველოს კურორტებზე ჰიდროკოლონოთერაპიის (ნაწლავების გამორეცხვის) პრაქტიკას ეხმაურება და მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული პროცედურისგან, რადგან ინფექციონისტის თქმით, ის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს.
მაია ბუწაშვილის განმარტებით, ე.წ. „შლაკებისა და ტოქსინებისგან გაწმენდის“ მითი სამედიცინო საფუძველს მოკლებულია, პროცედურა კი პაციენტებისთვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს.
„გუშინ მოვისმინე და კიდევ ერთხელ გავოგნდი, რომ ჩვენს კურორტებზე კვლავაც “ეფექტურად” გამოიყენება ნაწლავების გამორეცხვა (ჰიდროკოლონოთერაპია), ანუ ოყნა, რომლითაც ძალიან დიდი რაოდენობით წყალი ან მინერალური წყალი შეყავთ ნაწლავებში (აქ არ იგულისხმება ჩვეულებრივი ოყნა, რომელსაც ყაბზობის დროს იყენებენ).
გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი ტანჯვაა, ჯანმრთელობის არაერთი რისკი შეიძლება შექმნას (ნაწლავის მიკრობიოტის დარღვევა, ინფექცია, ელექტროლიტების დისბალანსი, ნაწლავის კედლის მექანიკური დაზიანება და ა.შ.).
განსაკუთრებით საშიშია ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე ადამიანებში. და როგორც მათ პრაის ლისტებში ვნახე, ამაში თურმე საკმაოდ სოლიდურ თანხას ახდევინებენ. რადგანაც ამ კურორტების სერვისებით ძირითადად რუსები სარგებლობენ, მადლობა ჩემს კოლეგებს, რომ უკრაინული დრონების მხარდამხარ თქვენეული იარაღით ასე მედგრად ებრძვით დამპყრობლებს. თუმცა ქართველები მაინც ნუ გაასულელებინებთ თავს და ნუ გაიკეთებთ ამ საშინელ ოყნებს, ბევრი რამის გამოა საზიანო ჯანმრთელობისთვის და არავითარი ტოქსინები და „შლაკები“ არ გამოჰყავს.“ – წერს მაია ბუწაშვილი.
