მადრიდის „რეალის“ კაპიტნის, სერხიო რამოსის დასჯის მოწოდებით პეტიციას უკვე 400 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
ამგვარი მოთხოვნა უკავშირდება ინციდენტს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როდესაც სერხიო რამოსმა ტრავმა მიაყენა „ლივერპულის“ ფორვარდ მოჰამედ სალაჰს. პეტიცია ინტერნეტში 27 მაისს გაჩნდა.
მიღებული დაზიანების გამო, სალაჰმა შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს. თუმცა მან აღდგენითი პროცესი უკვე დაიწყო.
გარდა ამისა, ეგვიპტელმა ადვოკატმა ბასემ ვაჰბამ “რეალის” მცველს, სერხიო რამოსს იმის გამო უჩივლა, რომ “ლივერპულის” თავდამსხმელს, მოჰამედ სალაჰს ტრავმა მიაყენა.
“რამოსმა განზრახ დაამტვრია სალაჰი და უნდა დაისაჯოს. ფიფაში სარჩელი შევიტანე. ვითხოვ კომპენსაციას, რომელიც 1 მილიარდი ევროა, რადგან სერხიომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა სალაჰს და მთელ ეგვიპტელ ხალხს”, – განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატი კომპენსაციის მიღებას იმედოვნებს და ეგვიპტის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვას გეგმავს.
შარშია „ლივერპულის“ მეკარე ლორის კარიუსიც.
ესპანური “მარკა” ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ლივერპულის” მეკარე, რომელმაც ფინალში ორი უპატიებელი შეცდომა დაუშვა, სოციალურ ქსელში მუქარის წერილებს იღებს.
“მე შენს მეგობარ გოგონას მოვკლავ! – მალე მოვალ, რათა შენი გოგო მოვკლა”.
“შენი შვილები იმსახურებენ კიბოთი დაიღუპნენ”.
“იმედი მაქვს, მთელი შენი ოჯახი მალე დაიხოცება”.
პოლიციამ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.