„ცა და დედამიწასავით განსხვავება, რა ზეწოლა იყო ბიზნესზე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს და რა ხდება დღეს“, – ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაეროში, ირაკლი ალასანიამ „რადიო თავისუფლების“ პოდკასტში „2150“ განაცხადა.
ირაკლი ალასანიას თქმით, ისეთ სისასტიკეს, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო, ახლა ბიზნესწრეებში ვერ ხედავს.
ირაკლი ალასანია: „ცა და დედამიწასავით განსხვავდება, რა ზეწოლა იყო ბიზნესზე სააკაშვილის ხელისუფლების დროს და რა ხდება დღეს“
„დღევანდელი სიტუაციის მექომაგე არა ვარ, რადგან პოლიტიკურად იმდენად კრიზისშია შესული ქვეყანა, ეს მალე სოციალურ სფეროზეც აისახება, მაგრამ ისეთი სისასტიკე, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს მე ახლა ბიზნესწრეებში ვერ ვხედავ“ – თქვა ირაკლი ალასანიამ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
ალასანიას ამ ინტერვიუს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორისაა მწერალი ლაშა ბუღაძეც, რომელმაც სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ წაკითხულმა შოკში ჩააგდო.
ლაშა ბუღაძის სტატუსს, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა. მან მწერალს ის პერიოდი გაახსენა როდესაც მის მეუღლეს სოფიო შამანიდს საბერძნეთში ელჩობა სურდა.
„მაგარი პოსტი გამოგიცხვია, ჰოდა გაგახსენებ, ახალი არაფერი გაგიგია, მთავარი მესიჯი 2014 წელს სწორედ იყო – ქვეყანა უხვევს დასავლეთის კურსიდან! 2016-ში ტანკებით რომ გვივლიდნენ მთელ ოჯახს და მაიას კლავდნენ პირდაპირი გაგებით, იმასაც გაგახსენებ, რაღაც კაფეში რომ შევხვდით (მეც ვიყავი, თორემ არ მეცოდინებოდა) და ირაკლი თანადგომას გთხოვდათ შენ, ტურიკას და რატის და თქვენთვის სიმპათიური როლი გთხოვათ შეგესრულებინათ, აფხაზური თემების ნაწილში მომეხმარეთო.
მერე იმასაც გაგახსენებ, 2018-ში სოფოს რომ ელჩობა უნდოდა და ზალკალიანს ხმას სცემო? რომ ეკითხებოდა ირაკლის და ირაკლი ეღლიცინებოდა, არჩევნებში ხმის ჩაყრას რომ მოგთხოვენ, მზად ხარო? ამის მერე ქოცების ადმინისტრაციაშიც იმუშავა ხომ? ბევრი კარგი საქმეც აკეთა, მე ყველას ყველაფერს ვუფასებ. აი ამის დაწერა არ მინდოდა საჯაროდ, მე ნაკლებად მემეტებით სიბინძურის შემოფრქვევისთვის, მაგრამ ვხვდები, რომ მხოლოდ მე ვუფრთხილდები ყველას და ყველაფერს.
ჰოდა რამ დაგშოკა ლაშა? რა გაიგე ახალი? მიტინგებზე დაგაკლდით? თავი უნდა ვიმართლო და დავთვალო, რომელი ოჯახის წევრი რამდენჯერ ვართ ყინვაში და მოწმეებიც მოვიყვანო? რა ვიცი, ერთხელ სოფოც შემხვდა აქციაზე და მიცნო აშკარად. ზოგადად ამიერიდან ტაბელს გადავაბრუნებ, რომ ხუთიანები დამიწერო. ვაფასებ შენს „სახალხო ტრიბუნის” როლს, მაგრამ მოდი რა, გვიცანი, ვინ ვინაა. ნაც ტროლების მესიჯებით რომ დაკითხა იმ ნიჭიერმა გოგომ კაცი, რომელიც ამხელა ამბავს ჰყვება, ნეტავ რატომ? რადიო თავისუფლების მიზანი ბუნდოვანების შექმნაა ირაკლის გარშემო, ჭუტავიზიას და მელაძის სტილში, რომ მილიონერი გახდა გარიგებით და არა ის, რომ შინაარსი გააანალიზოს რუსული საფრთხეების შესახებ ხომ? ამხელა პატრიოტი ხალხი რა კარგად არჩევთ პრიორიტეტებს და რა კარგად ემსახურებით ერთიანობას. რას დავაბრალო ეს ამდენი „დაშოკილი“ ნაცნობი?
მადლობა ფეხუნები რომ გაგიცივდათ მიტინგზე, მაგრამ სხვასაც რაღაც უკეთებია ამ ქვეყნისთვის, ცოტა მეტი, მერწმუნე. თუ აქ არ არის ირაკლი, გადაკრულად ან პირდაპირ ამუნათებთ, საჯაროდ გამოვიდა, რაღაც თქვა, რატომ გამოვიდაო, აწრიალდა სანაცეთიც და საქოცეთიც და რომ ჩამოყალიბდებით, რა გინდათ ჩვენგან, მომიყევი და იქნებ „კარგად მოვიქცეთ”. თუმცა საკმაოდ ცხადია, რაც გინდათ – შეურაცხყოფა, კულისებში ჭორაობა და საჯაროდ გასვრა, სულ ესაა. მადლობა.
და თქვენი მესიჯი რა არის დღეს ქვეყნის პოლიტიკაში? – „შენ წადი, რომ მე მოვიდე“ – ამის იქით რა არის ამდენი ინტელექტუალის მესიჯი, რას გააკეთებთ რომ მოხვალთ და რა ადამიანური რესურსით? იქნებ ამაზე იმუშაოთ და მეტი ხალხი ჩაერთოს მერე. მუდმივად სხვისი ყურების აწევას, საკუთარ თავებზე იმუშავეთ მეტი, რადგან ამდენი ლიდერობის უფლებას აძლევთ თავს“, – წერს პასუხად ფანჯიკიძე.
ფანჯიკიძის ამ კომენტარს უპასუხა ბუღაძის მეუღლემ. როგორც სოფიო შამანიდი სოციალურ ქსელში წერს, მასზე უკეთესი ელჩი საბერძნეთში არავინ იქნებოდა, თუმცა მისი გაშვება ვერც „ქოცებმა“ გაბედეს და ვერც „ნაცებმა“:
„უი, დედა, ნათია, რა მძიმედ ყოფილხარ. ტურიკამ და ლაშამ თავად გიპასუხონ. რაც შემეხება მე – დიახ, ჩემზე კარგი ელჩი საბერძნეთში არავინ იქნებოდა. აღარ ჩამოვთვლი აქ ჩემს რეგალიებს, მაგრამ ვერც ნაცებმა და ვერც ქოცებმა გაბედეს ჩემი გაშვება ზუსტად მაგის გამო, რომ რაღაცებს არ ჩავყრიდი. ისე კი ამ ორ ქვეყანას შორის „საელჩო” საქმეებს მაინც მე ვაკეთებ. და ვიდრე ახალგაზრდა ვარ, ჯერ კიდევ დაველოდები შეთავაზებას – იქნებ გაუნათდეს ვინმე მთავრობას გონი. და კი, პრეზიდენტის მრჩეველი ნამდვილად ვიყავი 5 წელი – სხვათა შორის იმ პრეზიდენტის, რომელსაც მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტებს უგდებდა ბიძინას დავალებით. ჰოდა რა ვიცი, მე კი ვიყინავ ფეხებს, მაგრამ ძალიან მაგარი თერაპიაა რომ რამე“, – დაწერა შამანიდმა.
შეგახსენებთ, მწერალმა ლაშა ბუღაძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
„ალასანიას ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო შოკში ჩამაგდო სიტუაციური კარიერისტების და უპასუხისმგებლო პოლიტიკანების „კატის მეხსიერებამ“ – ინდულგენცია რომ გახდა ახლა ივანიშვილის ოპონირება და წლების წინ კი მისი ძალაუფლების არმხილება და განმტკიცება, რომ იყო ქცევის ნორმა. ამჟამინდელი და ტრადიციულად ანტი ქოცური ოპოზიციის წარმომადგენლები ნიშნისგებით ბრაზობენ – ჩვენ ვიბრძოდით და ოპოზიციად ახლა ეგენი ითვლებიანო. ჰოდა, ჩვენო ძვირფასებო, უპასუხისმგებლოებო, ნაწყენებო, ფულით ნაყიდნო, გადაგდებულნო თუ გაუყიდავებო, ახლა ყველა ერთ დიდ უბედურებაში ვართ და ის მაინც გააკეთეთ, რომ ყოველ საღამოს რუსთაველის გადაკეტვაში მიეშველოთ ხალხს!
ფიზიკურად მაინც დადექით, რადგან სხვა თქვენგან არც არაფერია უკვე საჭირო და ეს მაინც იკისრეთ – ერთი საათია საჭირო, მეტი არა! ძველო ქოცებო – ექს-მინისტრებო და დეპუტატებო, მოდით და მიეშველეთ ხალხს პროტესტის უწყვეტობაში, დადექით ქუჩაში! ამჟამინდელო ოპოზიციურო პარტიებო – კაცებო და ქალებო, – ფეისბუქზე პოსტვას და ვინ უფრო მორალურია, მანდ შეჯიბრს, მოდით და დაეხმარეთ ხალხს ფიზიკურად (!), თქვენი ტანებით და სამი-ოთხი ნაბიჯის გადადგმით ტროტუარიდან პროსპექტამდე.
ბოლო კვირებში ვისაც ვხედავ, ან ჩემი ფეისბუქ-ბაბლია, ან ნაცნობ-მეგობარი, ან ოჯახის წევრი (აგერ მამაჩემიც დააჯარიმეს გუშინ, რაკი 28 ოქტომბრიდან ქუჩაში დგას), ანდაც ჩემი კოლეგები და ჟურნალისტები. და რაც მთავარია, მაუწყებლიდან მარშით მოსული ახალგაზრდები! თუ ვამბობთ, რომ პროტესტის უწყვეტობა მნიშვნელოვანია რუსთაველზე – და ნამდვილად არის! – მოდით! ჩაენაცვლეთ! ჩამოდით! გადით! რატომ არ დგანან აქ ყოველ საღამოს პარტიების წევრები? რატომ არ დგანან ექს-ქოცი მოხელეები, ბევრს რომ ლაპარაკობენ ახლა! მოდით და გადაკეტეთ გზა – ხალხს აჯარიმებენ თქვენი პასიურობის გამო! სხვამ უნდა გააკეთოს თქვენი საქმე და სხვამ უნდა გამოასწოროს თქვენს მიერ გაფუჭებული?! აღარ გამოვა ასე!“ – წერდა ლაშა ბუღაძე.
ალასანიას ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო შოკში ჩამაგდო სიტუაციური კარიერისტების და უპასუხისმგებლო პოლიტიკანების "…
Posted by Lasha Bugadze on პარასკევი, 21 თებერვალი, 2025