ჟურნალისტი გიორგი სანაია დღეს, 24 თებერვალს 50 წლის გახდებოდა.
მეგობრები და ოჯახის წევრები, „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტში გიორგი სანაიას იხსენებენ.
„ძალიან უშუალო ურთიერთობა გვქონდა. შეკრული ოჯახი ვართ ზოგადად. რაც მახსოვს, სულ წიგნებთან ჰქონდა ურთიერთობა და ამბობდა ჟურნალისტმა ძალიან ბევრი უნდა იკითხოსო. სახლში უზომოდ თბილი იყო. ჩემზე ათი წლით უფროსი იყო და მისი მხრიდან მუდამ რჩევებს ვიღებდი და არა ჭკუის სწავლებას“, – ამბობს ვახო სანაია.
გიორგი თარგამაძე აღნიშნავს, რომ სანაია საოცრად სასიამოვნო ადამიანი იყო.
„კარგი გაგებით მსუბუქი ადამიანი იყო. არ დაგგრუზავდა, მარტივად რომ ვთქვათ. მის გარშემო მუდამ სასიამოვნო გარემო იყო. ამასთან საქმესთან მიმართებაში, მუდამ სერიოზული იყო. პრობლემაში ღრმად შესვლის უნარი ჰქონდა და თემას სიღრმისეულად სწავლობდა“, – საუბრობს გიორგი თარგამაძე.
ჟურნალისტს იხსენებს ასევე მომღერალი ლელა წურწუმიაც.
„მასწავლებელი შემარქვა გიორგიმ და დღე არ გავიდოდა, რომ ერთმანეთი არ გვენახა. უზომოდ საინტერესო ადამიანი იყო და ყველაფერი აინტერესებდა. ყოველთვის ბოლომდე უნდა შეესწავლა ყველაფერი. იყო უზომოდ ნიჭიერი“, – იხსენებს ლელა წურწუმია.