კინოს მოყვარულმა ინდოელმა კინო თეატრს სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოიგო კიდეც. ამის შესახებ India Today წერს.
30 წლის აბჰიშეკი მეგობრებთან ერთად კინოში წავიდა, რათა ფილმისთვის ეყურებინა. ბილეთებზე დატანილი დროის გათვალისწინებით, სეანსი 16:05 საათზე უნდა დაწყებულიყო. ფილმის შემდეგ მამაკაცი სამსახურში აპირებდა დაბრუნებას, ამიტომ ბილეთების შეძენისას ეს ფაქტიც გაითვალისწინა, დრო ზუსტად გათვალა. თუმცა, ფილმის დაწყებამდე მაყურებელს 25 წუთიანი რეკლამის ყურება მოუხდა.
დაგვიანების გამო გაბრაზებულმა მამაკაცმა კინო თეატრს სასამართლოში უჩივლა.
სარჩელში ის აზუსტებდა, რომ „ვერ შეძლო იმ დღეს დაგეგმილ სხვა ღონისძიებებსა და შეხვედრებზე დასწრება, რის გამო დიდი ზარალი ნახა.“ ინდოელმა ასევე ისიც დააზუსტა, რომ კინოთეატრი რეკლამით მიღებულ შემოსავალს ისეა დახარბებული, რომ მაყურებლის კომფორტს ივიწყებს და რეკლამებს მათი ნების საწინააღმდეგოდ აყურებინებს.
შედეგად, კანონი მის მხარეს აღმოჩნდა. თებერვალში მომხმარებლის უფლებების დამცველმა სასამართლომ კინოთეატრს დაზარალებული მაყურებლისთვის 50 ათასი რუპიის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაც მოპასუხე მხარეს მოუწია.