აშშ-ში მძღოლებმა Audi-ს წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანეს. მისი ინიციატორია ჯეი პარიხი, რომელმაც 2021 წლის Audi e-tron-ზე ცენტრალური საკეტის სერიოზული გაუმართაობა აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მან რამდენჯერმე მიმართა დილერს, პრობლემა ვერ მოგვარდა.
სარჩელის მიხედვით, მსგავსი ხარვეზი 2019 წლიდან გამოშვებულ ბევრ მოდელს ეხება. საუბარია, როგორც ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე, ისე ელექტრომობილებზე. პარიხი ამტკიცებს, რომ კომპანია პრობლემის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა მის სრულად აღმოფხვრას ვერ ახერხებს.
როგორც ირკვევა, თანამედროვე Audi-ს ავტომობილებში კარის საკეტები მხოლოდ მექანიკური არ არის – მათში ინტეგრირებულია ელექტრონული სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა. სწორედ ამ კომპონენტის გაუმართაობის შემთხვევაში საკეტები შეიძლება მოულოდნელად დაიბლოკოს ან საერთოდ არ დაიხუროს.
სარჩელში აღწერილია შემთხვევები, როდესაც:
- კარი იკეტება და მგზავრები მანქანიდან ვერ გადადიან
- ან პირიქით – საკეტი არ მუშაობს და კარი არ იკეტება
- ერთ-ერთ ეპიზოდში პარიხის თქმით, ავტომობილში ბავშვიც კი აღმოჩნდა ჩაკეტილი.
პრობლემის გაჩენისას ბორტ კომპიუტერი აჩვენებს შეტყობინებას ცენტრალური საკეტის გაუმართაობის შესახებ. სერვისში საკეტების შეცვლამ და პროგრამის განახლებამაც კი ვერ მოიტანა შედეგი, გარკვეული დროის შემდეგ ხარვეზი ისევ ჩნდებოდა.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მწარმოებელმა დილერებისთვის მინიმუმ რვა ტექნიკური ბიულეტენი გამოუშვა. ერთ-ერთში კი პირდაპირ არის მითითებული, რომ საკეტების შეცვლა პრობლემას არ აგვარებს.
საქმე ეხება Audi-ს მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე სერიების მოდელებს, რომლებიც 2019 წლიდან დღემდე იწარმოება.
ეს სარჩელი ემთხვევა იმ პერიოდსაც, როდესაც კომპანია ამერიკულ ბაზარზე სერიოზულ სირთულეებს აწყდება – 2026 წლის პირველ კვარტალში Audi-ს გაყიდვები დაახლოებით 30%-ით შემცირდა.