ამერიკული Forbes-ი პენსიაზე გასვლის შემდეგ ცხოვრებისთვის იდეალურ ქვეყნად პორტუგალიას მიიჩნევს. გამოცემის აზრით, აღნიშნულ ქვეყანას თბილი ამინდებით, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, უსაფრთხოებით, მეგობრული და ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ადგილობრივებითა და მრავალფეროვანი კულტურით ცხოვრების მაღალი ხარისხის შეთავაზება შეუძლია. ამიტომაცაა, რომ პორტუგალიას, ბოლო წლებში, ამერიკელი პენსიონერების რეკორდული რაოდენობა სტუმრობს.
Forbes-ი განსაკუთრებულად გამოყოფს ხუთ ადგილს პორტუგალიაში და მათ პენსიონერების სამოთხეს უწოდებს. ესენია:
- ალგარვე – ქვეყნის ეს უკიდურესი სამხრეთი რეგიონი თავს იწონებს ისტორიული ქალაქებითა და სოფლებით, რიყის ქვით მოკირწყლული ქუჩებით, ყვავილებში ჩაფლული თეთრად შეღებილი სახლებითა და მომნუსხველი ციხესიმაგრეებითა და სასახლეებით.
- კომპორტა – პორტუგალიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ეს რეგიონი, ოქროსფერქვიშიანი სანაპიროებით, იდეალურია მზეზე ნებივრობისთვის, ცურვისთვის, სერფინგისთვის, ნავით სეირნობისთვის და სხვა.
- ლისაბონი – პორტუგალიის დედაქალაქი, რომელიც იმავდროულად ევროპის ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქია, ვიზიტორებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს თანამედროვეობასთან შერწყმული საკუთარი ისტორიით.
- პორტუ – სიდიდით მეორე ქალაქია პორტუგალიაში და ის ქვეყნის ყველაზე მომნუსხველ ქალაქადაა აღიარებული. ხელოვნება, არქიტექტურა, ისტორიული კვარტლები, სანაპიროები, პარკები, ბაღები – მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ სამუდამოდ დაიპყროს თქვენი გული.
- ბრაგა – ბუნებრივი სილამაზითა და ფესტივალებით სახელგანთქმული ეს ქალაქი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ბრაგა არის ქალაქი, სადაც სიცოცხლე დღისითაც და ღამითაც ჩქეფს.