LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Forbes: „ტრამპ თაუერ თბილისი“ – პროექტი, რომელიც ეთიკურ კითხვებს აჩენს

112
თრამპთაუერ-თბილისი

პროექტი „ტრამპ თაუერ თბილისი“ (Trump Tower Tbilisi) თანდათან იძენს ფორმას – დეველოპერებმა ცათამბჯენის ახალი ვიზუალი გაასაჯაროვეს. აღნიშნული პროექტი, რომელიც ტრამპის ლიცენზიით სარგებლობს, სავარაუდოდ, მილიონობით დოლარის მოგებას მოუტანს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. საინტერესოა, რომ პროექტი ფორმირდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის კომპანია საზღვარგარეთ სარფიან, თუმცა საკამათო გარიგებებს ახორციელებს, რაც მის თანამდებობაზე ყოფნასთან დაკავშირებით ეთიკურ კითხვებსა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

ძირითადი ფაქტები

  • „ტრამპ თაუერ თბილისი“ იქნება 70 სართულიანი მრავალფუნქციური დანიშნულების ცათამბჯენი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ პარკს გადაჰყურებს. აღნიშნული ნაგებობა წარმოადგენს 2 მილიარდ დოლარად შეფასებული პროექტის „The Tbilisi Downtown“ ნაწილს, რომელიც მოიცავს სავაჭრო, სასტუმრო, კვებისა და ბიზნეს ობიექტებს.
  • Trump Organization-ის განცხადებით, „ტრამპ თაუერ თბილისი“, დასრულების შემდეგ, საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა იქნება.
  • „ტრამპ თაუერ თბილისი“ წარმოადგენს მორიგ პროექტს უცხოური ლიცენზირებისა და ბრენდირების შეთანხმებების სერიაში, რომელიც Trump Organization-მა ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ გააფორმა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს კომპანიის უცხოური ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავალი 650%-ით გაიზარდა და ის კვლავ მზარდია.
  • მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, კონკრეტულად რა სარგებელს მიიღებს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი თბილისის პროექტიდან, ბოლოდროინდელ გარიგებებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს სარგებელი 5 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
  • Trump Organization-ის უცხოური გარიგებები ექსპერტთა შორის შეშფოთებას იწვევს. სამთავრობო ეთიკის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა უოლტერ შაუბმა გასულ წელს Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა: „პროცესები უკვე იმდენად შორს წავიდა, რომ ამ ყველაფერს შეგვიძლია კორუფციაც ვუწოდოთ.“
  • თეთრი სახლი და Trump Organization-ი თბილისის პროექტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა უნდა გავიხსენოთ, რომ აქამდე ტრამპის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის ვაჟი, ერიკ ტრამპი, რომელიც ამჟამად საოჯახო ბიზნესს უძღვება, უარყოფდნენ, რომ უცხოური გარიგებები ინტერესთა კონფლიქტს ქმნის პრეზიდენტის საქმიანობასთან, რადგან აქტივებს მისი შვილები აკონტროლებენ.

Forbes-ის შეფასება

გამოცემის თანახმად, 6 მაისის მდგომარეობით, დონალდ ტრამპის ქონება, დაახლოებით, 6.2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. მისი კაპიტალის მნიშვნელოვან ნაწილს, კერძოდ, დაახლოებით, 533 მილიონ აშშ დოლარს, შეადგენს შემოსავლები ლიცენზირებისა და მართვის გარიგებებიდან, მათ შორის, საზღვარგარეთ არსებული უძრავი ქონების პროექტებიდან.

საინტერესო ფაქტი

ტრამპს საქართველოსთან ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს: აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა და მისმა კომპანიამ ქვეყანაში უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობების შესწავლა ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყეს, როდესაც ბიზნესმენმა გიორგი რცხილაძემ ტრამპის ყოფილ მეუღლეს, ივანა ტრამპს და მის მაშინდელ ნდობით აღჭურვილ პირს მაიკლ კოენს მსგავსი პროექტის განხორციელების ინიციატივით მიმართა. საქართველოში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის გეგმები გარკვეულ ეტაპამდე წინ მიიწევდა, თუმცა, საბოლოოდ, გარიგება ჩაიშალა.

ძირითადი კონტექსტი

პრეზიდენტ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გაფორმებული უცხოური გარიგებების რაოდენობა თვალსაჩინოდ მეტია მის პირველ საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდთან შედარებით, როდესაც Trump Organization-მა ეთიკური ნორმების თავიდან ასაცილებლად თავი შეიკავა საგარეო ინვესტიციებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი საკუთარი ბიზნესიმპერიის მართვისგან დისტანცირდა, მან უარი თქვა კომპანიის საკუთრებიდან გასვლაზე (divestment), რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ისეთი პროექტები, რომელთაგან ტრამპს, შესაძლოა, სარგებელი მიეღო პრეზიდენტობისას (მაგალითად, Trump Organization-ის უკვე დახურული სასტუმრო ვაშინგტონში).

აშშ-ის კონსტიტუციის ე.წ. „ჰონორარის პუნქტით“ (Emoluments Clause), პრეზიდენტებსა და სხვა ფედერალურ მოხელეებს ეკრძალებათ თანამდებობრივი სარგებლის მიღება, მათ შორის აშშ-ის ცალკეული შტატების ან უცხო ქვეყნების მთავრობებისგან საჩუქრებისა თუ სხვა სარგებლის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის პერიოდში ამ პუნქტის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით რამდენიმე სარჩელი აღიძრა, ტრამპისთვის ბიზნესსაქმიანობის შეზღუდვა ვერ მოხერხდა.

2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ერიკ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ Trump Organization-ის მიდგომა უცხოურ გარიგებებთან დაკავშირებით არაფრით იქნებოდა განსხვავებული პირველი ვადის პრაქტიკისგან, თუმცა მალევე გაფორმდა არაერთი ახალი საერთაშორისო შეთანხმება, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g