რადიო „არ დაიდარდოს“ და გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ სტუმრობდა. გადაცემაში ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერის – „სიზმარი“ ახალი ვერსიის პრემიერა შედგა. ჯგუფის წევრებმა გადაცემის მსვლელობისას თავიანთ შემოქმედებაზე, არსებულ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
ერთ-ერთი პირველი ქართული ბოიბენდი იყავით. მოდით, გავიხსენოთ თქვენი კარიერის დასაწყისი…
ზურა: ობიექტურები რომ ვიყოთ, ბოიბენდების ისტორია საქართველოში, თუ არ ვცდები, „სახემ“ დაიწყო. ასევე, არ შეიძლება, არ ვახსენოთ „ფლეში“, „სკოლა“, „გოგლიმოგლი“, „მეგობარი ბიჭები“.
ჩვენ ინსპირაცია „Boyz II Men“-მა მოგვცა. იმ ლამაზ წლებში, როცა ჩვენ ამ ყველაფერს ვიწყებდით, „Boyz II Men“ ამერიკაში ყველაზე გაყიდვად ჯგუფად დასახელდა. მაშინ, „ქუჩის ბიჭების“ ძველი შემადგენლობა მყავდა, იმათ მეგობრულად დავემშვიდობე და შევქმენით ეს ახალი ჯგუფი.
რამდენი წევრისგან შედგებოდა ძველი „ქუჩის ბიჭები“?
„ქუჩის ბიჭების“ პირველი ვერსია სამმა ადამიანმა, მე, დიტო ბუხნიკაშვილმა და ლევან ცინცქალაძემ ბორჯომში ჩამოვაყალიბეთ. თავიდან საცეკვაო ჯგუფი ვიყავით. მერე, დავიწყეთ რეპი. შემდეგ, ორი არაჩვეულებრივი გოგონა, ლანა და ნინო დაგვემატნენ, ისინიც ცეკვავდნენ. წლების შემდეგ, როცა რეგიონში პოპულარულები გავხდით, „Boyz II Men“-ის კასეტა ჩამივარდა ხელში და მომინდა, რომ ჩვენი ჯგუფი მრავალხმიანი ყოფილიყო. პირველი პაატა მოვიყვანე, შემდეგ, მოვიდა გურამი. ირაკლი როკ ჯგუფიდან გადმოვიყვანე.
გურამი: ირაკლი ძალიან ბევრ ინსტრუმენტზე უკრავს. რაც შემეხება მე, ახალდაბის სკოლაში იყო „კავეენი“, სადაც „თენდებას“ ვმღეროდი და მაშინ შემამჩნია ზურამ, იქ მოვეწონე, თან პაატა ჯარში იყო წასული და ამიტომ პირველი ხმა აკლდა. ზურამ ჯგუფის წევრობა შემომთავაზა და რა თქმა უნდა, დავთანხმდი.
ირაკლი: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ის, თუ ვინ როგორ მღერის, არამედ ჩვენი მეგობრობა, ძმაკაცობა, ერთი ჰაერით სუნთქვა, ერთნაირად აზროვნება, ერთმანეთის გვერდში დგომა.
არასდროს გქონიათ უთანხმოება?
ზურა: სულ გვაქვს, დღემდე, მაგრამ მადლობა ღმერთს, ერთად ვართ. ღმერთის ხელი, რომ არ იყოს ჩარეული ჩვენს შეხვედრაში, ამდენი წელი ერთად ყოფნა, გამორიცხულია. მე მგონი, „ბითლზებიც“ არ ყოფილან ამდენი წელი ერთად. თან, ჩვენ არ ვართ ქასტინგით შეკრული ჯგუფი, ქასტინგით შეკრებილები ძალიან ხშირად იშლებიან ხოლმე.
კარგად მახსოვს, თქვენი გულშემატკივარი გოგონები როგორ ტიროდნენ და როგორ გამოხატავდნენ სიყვარულს თქვენც კონცერტებზე…
ზურა: არ არსებობდა გოგონა, რომელსაც ოთახში არ ეკიდა „ქუჩის ბიჭების“, „სახის“ ან „ფლეშის“ პოსტერი. ძალიან დიდი ტირაჟებით იყიდებოდა ეს პოსტერები.
როგორია სამომავლო გეგმები?
ზურა: გვინდა, ახლო მომავალში დავგეგმოთ კონცერტი ორკესტრთან, ბენდთან ერთად.
პაატა: ვფიქრობთ, რეპერტუარის განახლებას, ვაკეთებთ ახალ სიმღერებს.
გურამი: პიკასომ დაწერა ძალიან ლამაზი სიმღერა და ახლა ამაზე ვმუშაობთ.
ირაკლი: აუცილებლად იქნება ახალი სიმღერა, რომელიც ჩვენს საყვარელ ქალაქზე იქნება.
ზურა: ძალიან აქტიური პერიოდი გვაქვს, რადგან დაგვიგროვდა სიმღერები, რომელთაც ამდენი წლის მანძილზე ვწერდით და ჯერ არ გამოგვიშვია. ასევე ვაკეთებთ პროექტს ნინი ქარსელაძესთან და მარიკა თხელიძესთან ერთად.
სოლო კარიერის კუთხით თუ გაქვთ სიახლეები?
გურამი: ჩვენ გვქონდა სოლო ალბომები, მაგრამ ასე ვთქვათ, უერთმანეთოდ ვერ გავძელით და მაინც ჯგუფს „მივაწექით“ ბოლომდე. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ცალკე კონცერტიც ჩაატაროს, პრობლემა არცერთს გვაქვს, მაგრამ უპირატესობას ყოველთვის ჯგუფს ვანიჭებთ.
ვისაუბროთ სიმღერის „სიზმარი“ ახალ ვესრიაზე.
გურამი: ახალ ვერსიაზე ზაზა ხუბუკელაშვილმა იმუშავა, მას ეკუთვნის არანჟირება.
ირაკლი: არსებობს სიმღერის ვიდეო ვერსიაც, რომელიც ჩვენს „იუთუბ“ გვერდზე არის განთავსებული.
ქუჩის ბიჭები – სიზმარი (2025)
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ქუჩის ბიჭები. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”