LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა გვასალია: „ესპანეთში რომ შუქი ჩაქრა, ყველაზე ყოჩაღად იქ მცხოვრებ ქართველებს ეჭირათ თავი, მეცხრებლოკგამოვლილებს ერთდღიანი უდენობა შეაწუხებდათ?.. სარდაფებიდან ნავთქურებს ამოვაძრობთ და „სიგუას ნამცხვრით“ გავუმასპინძლდებით სტუმარს, მე „ამბობენს“ წავიყვან და ავთო ცქვიტინიძე კიდევ ერთხელ მოიყვანს ცოლს“

571
თეა გვასალია

ორი დღის წინ, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში – ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში ელექტროენერგიის მიწოდება, სულ მცირე, 12 საათით შეწყდა, რამაც, გარდა ფინანსური ზარალისა, მოსახლეობის უჩვეულო რეაქცია გამოიწვია.

ელექტროენერგიის გათიშვამ განსაკუთრებით რთული სიტუაცია შექმნა ესპანეთსა და პორტუგალიაში – ქვეყნებში შეჩერდა მეტროსა და რკინიგზის მუშაობა, გაითიშა ინტერნეტი და შეწყდა მობილური კომუნიკაცია.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსით ეხმაურება მთარგმნელი და ტელეწამყვანი თეა გვასალია:

„ესპანეთში რომ შუქი ჩაქრა და მთელი 12 საათი მთელი პირინეის ნახევარკუნძული ჩაბნელებული იყო, პორტუგალიის ჩათვლით, გაიგებდით თქვენც.

ყველაზე ყოჩაღად იქ მცხოვრებ ქართველებს ეჭირათ თავი, 90-იანებში გამობრძმედილებს და მეცხრებლოკგამოვლილებს ერთდღიანი უდენობა შეაწუხებდათ? როგორც ერთმა ჩემმა მოსწავლემ უთხრა თავის ბრიტანელ ქმარს, კარგი, რა გადარდებს, ჩვენთან „შუქი მოვიდა“ ისეთი აქტუალური ფრაზა იყო, ბენდსაც კი ერქვა, მთელი 10 წელი სიბნელეში ვისხედით და კი მოვაღწიეთ აქამდეო.

ავარიის მიზეზებს იკვლევენ და მანამდე პედრო სანჩესმა სთხოვა ესპანელებს, არ გინდათ ახლა თქვენებურად ფეიქ ნიუსების და შეთქმულების თეორიების გავრცელება, ვაცალოთ ექსპერტებს მუშაობაო.

მაგრამ აქ საქმე ბანალური შუქის ჩაქრობა არ არის. ამ ერთდღიანმა კოლაფსმა დაანახა მთელ მსოფლიოს, თუ როგორი დაუცველი და უსუსურია 21-ე საუკუნის, ციფრულ სისტემაზე დამოკიდებული ადამიანი. შუქის წასვლასთან ერთად გაჩერდა ყველა სახის ტრანსპორტი, გაითიშა კომუნიკაციის ყველა საშუალება, რადიოს გარდა, ვერ ვაჭრობდნენ მაღაზიები და აფთიაქები, რადგან ესპანეთში ქეში პენსიონერების გარდა არავის უდევს ჯიბეში, საბანკო ტერმინალები კი დაბლოკილი იყო. ზოგი ლიფტში ჩარჩა, ზოგი მეტროს გვირაბში და აეროპორტები და მატარებლის სადგურები გაუქმებული რეისების ხალხს ვეღარ იტევდა.

სტაციონარული ტელეფონების არარსებობის გამო ვერავინ უკავშირდებოდა მშობლებს, შვილებს და ახლობლებს, გადაიდო ოპერაციები. იმის გამო, რომ ესპანეთის მაღაზიებში სანთლები პრაქტიკულად არ იყიდება, ხალხი ჩინურ მაღაზიებს მიაწყდა და ყველა ფერის, სუნის და გემოს მქონე სანთლები დაიტაცა.

ამ ყველაფერზე უარესი პანიკა გამოდგა. თითქოს რა იყო საპანიკო, შუქი იშვიათად, მაგრამ ადრეც ჩამქრალა მადრიდშიც და სხვა ქალაქებშიც. მაგრამ ამჯერად ხალხი მაღაზიებს შეესია და ისეთი შეშინებულები ეზიდებოდნენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ, როგორც კოვიდის დროს, სამი თვით სახლებში უნდა გამოგკეტოთო, მთავრობამ რომ გამოუცხადა. ხუთ წუთში დაცარიელდა დახლები და გაქრა პური, წყალი, კონსერვები და, რა თქმა უნდა, ტუალეტის ქაღალდი.

ეს ყველაფერი კი გამოიწვია ურსულა ფონ დერ ლაიენის ამასწინანდელმა განცხადებამ, ომისთვის უნდა ვიყოთ მზადო, თუ რაღაც ამდაგვარი რომ თქვა და მერე ევროპელებს ბროშურები რომ დაურიგეს, სადაც ასწავლიდნენ, როგორ შეექმნათ სახლებში აუცილებელი პროდუქტების და ნივთების სამი დღის მარაგი. ჰოდა, ამ საწყლებმაც იფიქრეს, მორჩა, დაგვესხა რუსეთი თავსო და აღარ იცოდნენ რა მოემარაგებინათ და სად ეძებნათ უტელეფონობის გამო დაკარგული ოჯახის წევრები.

უფრო შეგნებულებმა მშვენივრად გამოიყენეს ის საათები, სამსახურში რომ აღარაფერი ესაქმებოდათ, პარკებს და ბარებს მოედნენ და ლუდის კათხებით ხელში ადევნებდნენ თვალს დასტრესილი თანამოქალაქეების აქეთ-იქით სირბილს.

ურსულას განცხადების ეთიკურობაზე არაფერს ვიტყვი, არაა პოლიტიკა ჩემი საქმე, მაგრამ ამ ერთმა ინციდენტმა საუკეთესოდ დაგვანახა, რომ, ღმერთმა არ ქნას, მართლა დაიწყოს რაიმე მსოფლიო მნიშვნელობის კონფლიქტი ან ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა, თორემ ნებისმიერი, საათივით აწყობილი ქვეყანაც ქვიშის სასახლესავით ჩამოიშლება და სამყაროს ისეთი ქაოსი მოიცავს, რომ არც ბროშურები უშველით და რულონებად ნაყიდი ტუალეტის ქაღალდებიც ოხრად დარჩებათ.

ეს მათ, ევროპელებს და ამერიკელებს, თორემ ჩვენ 90-იანებში შეძენილ „სქილებს“ გავიხსენებთ, სარდაფებიდან ნავთქურებს ამოვაძრობთ, ეზოში საბურავებს დავწვავთ და „სიგუას ნამცხვრით“ გავუმასპინძლდებით სიბნელეში ხელისცეცებით მოსულ სტუმარს, მე „ამბობენს“ წავიყვან და ავთო ცქვიტინიძე კიდევ ერთხელ მოიყვანს ცოლს“, – წერს თეა გვასალია სოციალურ ქსელში.

ესპანეთში რომ შუქი ჩაქრა და მთელი 12 საათი მთელი პირინეის ნახევარკუნძული ჩაბნელებული იყო, პორტუგალიის ჩათვლით, გაიგებდით…

Posted by Tea Gvasalia on ოთხშაბათი, 30 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g